Night mode

რატომ უნდა შემოვიკრიბოთ გარშემო ის ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირ მიზნებზე მუშაობენ?

რატომ უნდა შემოვიკრიბოთ გარშემო ის ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირ მიზნებზე მუშაობენ?
ფონტის ზომა

“თითოეული ადამიანი მის გარშემო მყოფი 5 ადამიანის საშუალო არითმეტიკულია.”

– ჯიმ რონი

იმისთვის, რომ სპორტსმენი განვითარდეს და უფრო ძლიერი მოთამაშე გახდეს, სჭირდება, რომ მასზე ძლიერ ოპონენტებთან ითამაშოს. მარტივად რომ ვთქვათ, გაიწვრთნას, ახლებური ტაქტიკები და სტრატეგიები ისწავლოს, რომლებიც მისი თამაშის დონეს გააუმჯობესებს. სპორტსმენმა კარგად იცის, რომ მასზე სუსტთან თამაშით ის კარიერულად ვერ გაიზრდება. 

ყველამ იცის, რომ სპორტს ამგვარი წესები აქვს, თუმცა, ცოტა თუ ხვდება, რომ მსგავსი მიდგომები ზოგადად, ცხოვრებაშიც ვრცელდება და მათი გათვალისწინება ნამდვილად საჭიროა. მაგალითად, ძალიან ხშირად, კარიერული ზრდის საშუალებად ვისახავთ ბევრი და სხვადასხვაგვარი ტრენინგის გავლას, სერტიფიკატის მოპოვებას, დაწინაურებას სამსახურში, ამაღლებულ პოზიციას თუ სხვა. თუმცა, რეალურად, როგორც კარიერული, ისე პიროვნული ზრდის ყველაზე კარგი საშუალება გარშემო იმ ადამიანების შემოკრებაა, რომლებიც წარმატებით მუშაობენ ჩვენივენაირი მიზნების განხორციელებაზე. 

ადამიანები, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, დიდ ზეგავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ განწყობაზე ვიქნებით, როგორ ვიფიქრებთ და როგორ ვიმოქმედებთ ჩვენივე მიზნების მისაღწევად. ისევე, როგორც ჭადრაკის მოთამაშე ან ფეხბურთელი ისწავლის ახალ მოძრაობებსა და სტრატეგიებს უკეთესი მოთამაშისგან, ჩვენზე მეტად მოტივირებული და წარმატებული ადამიანების გარშემო ყოფნით ანალოგიურად დავეუფლებით მიზანთა მიღწევის ახალ გზებსა და საშუალებებს. ეს ადამიანები დაგეხმარებიან ახალი იდეების აღმოჩენაში, დაგიბრუნებენ გულწრფელ და საჭირო უკუკავშირს იმის შესახებ, თუ რას აკეთებთ სწორად და რას – არასწორად. თუკი თქვენი ოცნებისთვის თავის დანებება მოგინდებათ, მათი გამოცდილება ან მათივე სიტყვები ამის ნებას არ მოგცემთ. 

ჩვენივენაირი შთაგონებით ავსილი ადამიანების გვერდზე ყოფნა საჭიროა იმიტომაც, რომ მათ ჩვენი ყველაზე უკეთ ესმით. ძალიან ბევრი იდეა ხშირად იმიტომ ქრება, რომ გარშემომყოფებს უბრალოდ არ ესმით ამ იდეების შინაარსი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვერდით გვყავდეს ისინი, ვინც ჩვენნაირად ფიქრობენ და აზროვნებენ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მიზნების წინაშე თავი მარტოდ არ ვიგრძნოთ. 

გამოცემა ანტრეპრენერი გვთავაზობს ადამიანების ოთხ ტიპს, რომელთა გარშემო ყოფნაც დადებითად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე:

დაჟინებით მშრომელი ადამიანები – ისინი, ვინც უბრალოდ არ იღლებიან. ამგვარი ადამიანები დაჟინებით და ჯიუტად მუშაობენ მანამ, სანამ მიზანს ბოლომდე არ მიიყვანენ. ამგვარი ადამიანებისგან შესაძლებელია იმის სწავლა, თუ როგორ ვიყოთ მომთმენები და როგორ არ შევწყვიტოთ ჩვენი სურვილებისკენ სწრაფვა. 

პოზიტიური ადამიანები – დადებითი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი შრომის წარმატებას. ამგვარი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ვერც ერთი წარუმატებლობა ვერ უშლის ხელს თავიანთი მიზნებისკენ სწრაფვაში. ამიტომაც, მსგავსი ტიპის ადამიანების გარშემო ყოფნაც საკმაოდ კარგ შედეგს მოგიტანთ. 

ცნობისმოყვარე ადამიანები – ისინი, ვინც მუდმივად სვამენ შეკითხვებს (“უკეთესი გზა ხომ არ არსებობს ამის გასაკეთებლად?”, “რა მჭირდება უკეთესი შედეგის მისაღწევად?”, “როგორ გავაუმჯობესო მოგება?”  და ა.შ). ამგვარი ადამიანები სულ რაღაც ახლის შესწავლითა და გაგებით არიან დაკავებულები და გარშემომყოფებსაც იმ ინფორმაციას აწვდიან, რომლებიც მარტივად შეიძლება, გამორჩეთ. ამიტომაც, მსგავსი ტიპის ადამიანების გვერდით ყოფნა მნიშვნელოვანია ჩვენი ზრდისთვის. 

მეოცნებეები – ზოგი ადამიანი არასდროს კმაყოფილდება არსებული ვითარებით. ისინი ყოველთვის უფრო დიდ მიზნებსა და შედეგებზე ფიქრობენ. შესაძლოა, ამგვარი ადამიანები დღეს არც თუ ისე მაღალ პოზიციაზე იმყოფებიან სამსახურში, თუმცა კი, ფიქრობენ, რომ ოდესღაც მრავალმილიონიან კომპანიას შექმნიან. ასეთი ადამიანების გარშემო ყოფნა დაგეხმარებათ, არასდროს დაკმაყოფილდეთ არსებული სიტუაციით და ყოველთვის რაღაც უფრო მეტზე იფიქროთ.

როგორ ვიპოვოთ ამგვარი ადამიანები?

თქვენი მიზნებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, ჩამოთვალეთ ხუთი ადამიანი, რომლებიც ფიქრობთ, რომ შეიძლება დაგეხმარონ თქვენი საქმიანობის ახალ დონეზე აყვანაში – იცნობთ მათ უკვე თუ არა?

დაიწყეთ ძიება თქვენს  სოციალურს ქსელებში და თქვენს უახლოეს ადამიანებში: თქვენს ოჯახში, მეგობრებსა და ნაცნობებში. ასევე, გადახედეთ ხალხს, რომელთანაც მუშაობთ, ლიდერებსა და თქვენს მომხმარებლებსაც კი. შემდეგ ეძებეთ ექსპერტები და წარმატებული ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს იმ მიზნებს, რომელთა შესრულებაც თქვენც გსურთ. 

მას შემდეგ რაც იპოვით იმ ხალხს, ვინც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, უნდა იპოვოთ მათთან მეტი დროის გასატარებელი გზა.  

ის, თუ როგორი ადამიანები გვეყოლებიან გვერდზე, ხშირ შემთხვევაში, ჩვენზეა დამოკიდებული. კარგად დაფიქრდით, არიან კი თქვენ გარშემო ისინი, ვინც ახალი იდეებით გავსებენ, შთაგონებასა და მოტივაციას გაძლევენ, იმუშაოთ თქვენი მიზნებისა და ოცნებების განსახორციელებლად? ინდივიდუალიზმის შენარჩუნება ძალიან კარგი რამაა, თუმცა, სხვათა გამოცდილებები და ცხოვრების წესი შესაძლოა გარდამტეხ საშუალებად იქცეს ჩვენი მიზნების მისაღწევ გზაზე. 

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

თეგები: