Night mode

რატომ არის მზისგან დამცავი კრემის გამოყენება აუცილებელი

რატომ არის  მზისგან დამცავი კრემის გამოყენება აუცილებელი
ფონტის ზომა

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობა გვახსენდება.  მისი გამოყენება ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გარუჯვის დროს კანის დამწვრობა არ მივიღოთ. სინამდვილეში, მზისგან დამცავის გამოყენება აუცილებელია არა მხოლოდ ზაფხულში, როდესაც მზის აბაზანებს ვიღებთ, არამედ ყოველ დღე, მათ შორის, ზამთარშიც. მისი  გამოყენება თქვენი კანის მოვლის ყოველდღიური ნაწილი უნდა იყოს, ყველა სეზონზე. ამას ოთხი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს.

მზისგან დამცავის გამოყენება ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკებს

მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ხელს უწყობს კანის კიბოს პრევენციას. კანის კიბოს სამი ყველაზე გავრცელებული ტიპი არსებობს: ბაზალური უჯრედების კიბო, კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და მელანომა. ულტრაიისფერი სხივები ყველაზე მაღალი რისკ-ფაქტორია კანის კიბოს ამ სახეობების განვითარებისთვის. მზისგან დამცავის მუდმივი გამოყენება გვიცავს ულტრაიისფერი სხივებისაგან, რაც ხელს უწყობს კანის კიბოს განვითარების რისკის პრევენციას.

იცავს ჩვენს კანს ადრეული დაბერებისაგან

მზისგან დამცავი კრემი ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას. კანის დაბერების ორი მიზეზი არსებობს – შინაგანი და გარეგანი. შინაგანი დაბერება დამოკიდებულია გენეტიკაზე, ხოლო გარეგანი დაბერება გამოწვეულია გარემო ფაქტორების ზემოქმედებით. მათ შორისაა: მზის სხივები, დაბინძურება, ქიმიკატები და სხვა.

ულტრაიისფერი სხივების გამოსხივება იწვევს კანში კოლაგენისა და ელასტინის ნაადრევ დაშლას. (ცილების, რომლებიც პასუხისმგებელია კანის სიგლუვესა და ელასტიურობაზე). შედეგად, ჩნდება წვრილი ხაზები და ნაოჭები. მზის ულტრააისფერი გამოსხივება დაბერების ხილული (გარეგანი) ნიშნების დახლოებით 90 პროცენტზეა პასუხისმგებელი. მზისგან დამცავი კრემის გამოყენება გვეხმარება თავიდან ავირიდოთ გარეგანი დაბერება და დიდხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდული, გლუვი კანი.

ხელს უშლის კანის ანთების განვითარებას

ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს იმუნური დამცავი უჯრედების დნმ-ს, რაც იწვევს ანთებას. იმუნური დამცავი უჯრედების დაზიანება ამცირებს ჩვენი სხეულის უნარს, დაიცვას უჯრედები კანის კიბოსა და სხვა დაავადებებისაგან. რამდენადაც იმუნური სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის ქსოვილის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ჯანმრთელი კანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ჯანმრთელობისათვის.

გვიცავს სახის კანის ფერის ცვლილებისაგან

თუ კანის თანაბარი ფერის დიდხანს შენარჩუნება გსურთ, მზისგან დამცავი კრემი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. ხშირად, განსაკუთრებით ასაკის მომატებასთან ერთად, სახეზე, მხრებსა და ხელებზე ჩნდება მუქი შეფერილობის ლაქები, რომელთაც მზის ლაქებს ეძახიან. მზისგან დამცავი კრემის გამოყენება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ასეთი ლაქების გაჩენა.

მზისგან დამცავი კრემი არ არის მხოლოდ რუჯის დროს დამწვრობის მიღების პრევენცის საშუალება. მისი ყოველდღიური გამოყენება გვეხმარება დიდხანს შევინარჩუნოთ ელასტიური, გლუვი და ჯანსაღი კანი და მასთან ერთად საერთო ჯანმრთელობაც. ამიტომ მნიშვნელოვანია მინიმუმ 30%-იანი მზისგან დამცავი კრემის გამოყენება მაშინაც კი, როდესაც გარეთ მოღრუბლულია.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი