Night mode

რა ხდება მაშინ, როდესაც განმარტოებული და იზოლირებულები ვართ

რა ხდება მაშინ, როდესაც განმარტოებული და იზოლირებულები ვართ
ფონტის ზომა

ადამიანი სოციალური არსებაა. ჩვენ ბიოლოგიურად ვართ დაპროგრამებული ისე, რომ თავს სოციუმში უფრო უკეთ ვგრძნობთ, ვიდრე მარტო. სოციალური კავშირები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ორგანიზმისთვის საკვები. ამას თავისი მიზეზები აქვს. 

მილიონობით წლების განმავლობაში, ჩვენი წინაპრები ტომებად ცხოვრობდნენ და პატარა ჯგუფებად ნადირობდნენ. ასე ისინი უფრო მეტად იყვნენ დაცული გარეშე საფრთხისაგან. დროთა განმავლობაში კაცობრიობის ცხოვრების წესი და საქმიანობა შეიცვალა. დღეს საკვების მოსაპოვებლად გარეულ ცხოველზე ნადირობა და ჯგუფებად სიარული აღარ გვჭირდება. თუმცა, ჩვენს მახსოვრობაში ჯერ კიდევ არსებობს ცნება, რომ მარტო ყოფნა საშიშია, ხოლო ჯგუფთან ერთად – არა. 

რა ემართება ორგანიზმს, როდესაც იზოლირებული ვართ

ახლა, როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო მილიონობით ადამიანი თვითიზოლაციაშია, შფოთვა და შიშები იმატებს. რაც არამხოლოდ კორონავირუსის დამსახურებაა. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ვართ სოციალური ინტერაქციის გარეშე, თავს იზოლირებულად და მარტოდ ვგრძნობთ. 

იზოლაციის დრო სიმარტოვის შეგრძნება ჩვენი ორგანიზმის სიგნალია. ის შეტყობინებას გვიგზავნის, რომ საჭიროა სოციალური ინტერაქცია. ეს იგივეა, როდესაც ჩვენი სხეული შიმშილის გრძნობით გვატყობინებს, რომ საკვები უნდა მივიღოთ. 

ჩვენი სხეული თვითგადარჩენის რეჟიმზე გადადის 

მარტო ყოფნისას ჩვენი ორგანიზმი თვითგადარჩენის რეჟიმშია. ჩვენი მეხსიერება ფიზიკურ მარტოობას აიგივებს საფრთხის ქვეშ ყოფნასთან, ისევე როგორც ეს მაშინ იყო, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ კოლექტიურად ვხოვრობდით. ეს კი არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო. ჩვენ კოლექტიურად არამხოლოდ ტომური წყობილების დროს ვცხოვრობდით, არამედ ახლო წარსულში, ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდშიც კი.

ამიტომაც, ტვინისთვის სულერთია სახლში დივანზე ხართ მოკალათებული თუ მამონტზე ნადირობისას შემთხვევით ჯგუფს ჩამოშორდით და მარტო დარჩით. 

გამოიყოფა დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონი 

როდესაც მარტო ვართ, ორგანიზმში სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი გამოიყოფა. ეს ჩვენს სხეულს აიძულებს განსაკუთრებით ფხიზლად იყოს, რათა საფრთხე არ გამორჩეს. ამასთან ერთად, ორგანიზმში წარმოიქმნება ანთებითი პროცესები. ამით ჩვენი სხეული ემზადება მომავალი დაზიანებებისათვის, რათა მარტივად გაუმკლავდეს მათ და ხელი შეუწყოს სწრაფ შეხორცებას. 

ცუდად გვძინავს 

როდესაც მარტო ვართ ფხიზლად გვძინავს,  რადგან ვიცით, რომ საფრთხის შემთხვევაში სხვაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ჩვენს გარშემო არავინაა, რომ დაგვიცვას ან დაგვეხმაროს. ჩვენი ტვინი და ორგანიზმი ამას აცნობიერებს და ამიტომ სტრესს უფრო მკაფიოდ განვიცდით და შესაბამისად, უფრო ფხიზლად ვართ. 

ფხიზელი ძილის დროს უფრო ადვილია უეცარ საფრთხეზე რეაგირება და თავის გადარჩენა. ამიტომ, მარტო ყოფნისას გვიჭირს ძილის ღრმა ფაზაში შესვლა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასვენებისა და ენერგიის აღდგენისათვის. 

კორტიზოლის გამოყოფა, ანთებითი პროცესების წარმოქმნა და ფხიზელი ძილი ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა მცირეხნიან იზოლაციაზე, რითაც ის საფრთხისგან გვიცავს. თუმცა, თავდაცვის ეს მექანიზმი მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში მუშაობს. სტრესი და ფხიზლად ყოფნა თავისთავად ცუდი არ არის, ისინი ზოგჯერ ძალიან საჭიროა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ. თუმცა, როდესაც ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდება ის აზიანებს ჩვენს სხეულს და გონებას.

როგორ დავძლიოთ მარტოობის შეგრძნება

მარტო ყოფნა და მარტოობის შეგრძნება ორი სხვადასხვა რამაა. ხშირად ჩვენ ვირჩევთ მარტო ყოფნას, რადგან მოგვწონს საკუთარი სივრცე. ასეთ დროს თავს ცუდად არ ვგრძნობთ, რადგან მჭიდრო კავშირი გვაქვს სოციალური მხარდაჭერის სისტემასთან. მარტოობის შეგრძნება ჩნდება მაშინ, როდესაც ეს კავშირი დაკარგული გვაქვს და თავს სხვებისგან მოწყვეტილად, განცალკევებულად ვგრძნობთ. ქვემოთ მოყვანილი სამი რჩევა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მარტოობის შეგრძნებას ასეთ დროს. 

გაიაზრეთ მარტოობის გრძნობა

ჩვენ ხშირად ვცდილობთ თავი ავარიდოთ ჩვენს საკუთარ გრძნობებს. თუმცა, მათი გააზრება კარგად ყოფნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ის, რომ თავს მარტო ვგრძნობთ არ ნიშნავს, რომ სუსტები ან განსაკუთრებით მგრძნობიარეები ვართ. მარტოობის დროს სოციალური ინტერაქციის სურვილი ისეთივე ბუნებრივია, როგორც საკვების სურვილი შიმშილის დროს.

შეხედეთ მარტოობის შეგრძნებას ობიექტურად, გაიაზრეთ და მიიღეთ ის როგორც ბუნებრივი მდგომარეობა.

ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე

საშუალება მიეცით თქვენს თავს იყოთ მგრძნობიარე და გახსნილი ერთ ადამიანთან მაინც. აირჩიეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ენდობით და ვისთან კომუნიკაციის დროსაც თავს კარგად გრძნობთ. ეცადეთ ესაუბროთ მას ყოველდღიურად ინტერნეტის საშუალებით. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები და ფიქრები. 

გახდით სოციუმის ნაწილი

ადამიანებს მოთხოვნილება გვაქვს ვიყოთ გარკვეული სოციალური ჯგუფის ნაწილი, რომელიც დაფუძნებულია საერთო შეხედულებებზე, ნდობასა და ღირებულებებზე. ამგვარი ჯგუფის წევრობა თავს ნაკლებად მარტო გვაგრძნობინებს. თანაც, გვიმარტივებს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან კონტაქტის დამყარებას. როდესაც თვითიზოლაციაში ხართ ან თავს მარტო გრძნობთ, გახდით რაიმე უფრო დიდის ნაწილი ვიდრე თქვენ თავად ხართ. სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანება, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ ორგანიზაციებში ჩართვა თავს სოციუმის ნაწილად გაგრძნობინებთ და მარტოობის შეგრძნებას შეგიმსუბუქებთ. 

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი