Night mode

რა ძალა აქვს სიტყვას ბავშვებისთვის

რა ძალა აქვს სიტყვას ბავშვებისთვის
ფონტის ზომა

წარმოიდგინეთ, რომ ეზოში ლამაზი ბაღი გინდათ გააშენოთ. ალბათ, ძალიან ფრთხილად შეარჩევთ მცენარის თესლებს, არა? აწონ-დაწონით, რომელი გაიხარებს თქვენს ნიადაგზე, რომელი ყვავილის დანახვა გაგიხარდებათ, რომელი არ იქნება ჯანმრთელობისთვის საზიანო და ა.შ. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ზუსტად ასეთი ძალა აქვს სიტყვებსაც? და ბავშვებს ისეთი აზრები შეგიძლიათ ჩაუნერგოთ, რომლებიც მათ მომავალს განსაზღვრავენ?

ბავშვთან ყოველი ინტერაქციის დროს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მათ გაუჩინოთ ცოდნის, ფიქრის, ცნობისმოყვარეობის “ნერგები”, რომლებსაც მოუვლით, გამოზრდით და განვითარებაში დაეხმარებით.

და მაინც, როგორ შეიძლება იმოქმედონ სიტყვებმა ბავშვებზე?

ჩვენ, ყველანი, მუდმივად აზრებს ვთესავთ, ზოგჯერ გამიზნულად, ზოგჯერ – უნებლიედ. ეს აზრები გონების ნაწილი ხდება და აუცილებლად ისახება ჩვენს ქცევებზე, ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებაზე, მოტივაციაზე და ა.შ.

არსებობს ფრაზები, რომელთა გაგებაც ბავშვებს ძალას ჰმატებს და განვითარებაში ეხმარება, მაგალითად:

  • “ყოჩაღ! რა კარგად გამოგივიდა”;
  • “მადლიერი ვარ, რომ მომეხმარე”;
  • “არაუშავს, თუ შეგეშალა.”

ასეთი მიმართვები, ბავშვს საკუთარი თავის რწმენას და იმედს აძლევს. ასწავლის, არგძნობინებს, რომ სხვების დახმარება კარგი საქმეა, რომ შრომით და მცდელობით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია და რომ შეცდომების დაშვება არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს.

მშობლები ხშირად გაუცნობიერლად, თითქოს, “ჰიპნოზს უკეთებენ” ბავშვებს. მუდმივად უმეორებენ ერთსა და იმავე ფრაზებს, რომლებსაც ბავშვები იჯერებენ და შეუძლიათ რეალობად აქციონ.

მშობლებისგან ხშირად გვესმის ისეთი კომენტარებიც, რომლებიც ბავშვებს თრგუნავს, შიშს უნერგავს და ჩარჩოებში სვამს. აი, მაგალითად:

  • “მანდ არ ახვიდე, ხომ ვიცი, ფეხი დაგიცდება, მე ვერ დაგიჭერ და მოიტეხავ რამეს;”
  • “ფინანსისტი უნდა გამოხვიდე, შენი ჭკუის პატრონი მუსიკოსი არ უნდა გახდეს”’
  • “იმეცადინე! თორემ სკოლას ვერ დაამთავრებ და ვერც სამსახურს ნახავ. უსწავლელი არავის დასჭირდები.”

როდესაც მშობლები რაღაც ცუდს ამბობენ ბავშვის შესახებ (“უიმედო ხარ”, “ ზარმაცი ხარ”), ისინი ბავშვს საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებენ. ასეთი მიმართვები ისეთ პატარა თესლებს ჰგავს, რომლებიც იზრდებიან და ცხოვრების პესიმისტურ ხედვად ყვავდებიან.

შემაშინებელი არ არის იმაზე ფიქრი, რომ ბავშვებს შეგიძლიათ დააჯეროთ, რომ რაღაცის გაკეთება არ შეუძლიათ? ალბათ, კი.

როგორ გამოვიყენოთ სიტყვები ბავშვის სასარგებლოდ?

რწმენა ძალიან ძლიერი რამაა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. სიტყვებს განსაკუთრებულად დიდი ძალა აქვს ბავშვებისთვის და მათი წახალისება თუ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

უფრო მარტივია, გჯეროდეს საკუთარი თავის მაშინ, როცა სხვას სჯერა შენი. თუ ბავშვი ამბობს “არ გამომივა”, უთხარით, რომ გჯერათ მისი და რომ მის გვერდით ხართ. ხშირად გაუმეორეთ, რომ აუცილებელი არ არის დიდი წარმატების მიღწევა და რომ პატარა გამარჯვებები  უკვე აღსანიშნავია.

თუ შედეგი ისეთი კარგი არ არის, როგორსაც ბავშვი მოელოდა, მცდელობისთვის შეაქეთ. ნებისმიერი ძალისხმევის შექება მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სწავლის პროცესის შესაყვარებლად. ასე ვაგრძნობინებთ, რომ პოზიტიური უკუკავშირის მიღება არა მარტო მიზნის სრულყოფილად მიღწევისას, არამედ ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში არის შესაძლებელი. დაანახეთ, რომ ის იმსახურებს თქვენს მოწონებას მაშინ, როდესაც გამოწვევებს მარტივად არ ნებდება და მიზნისკენ მიისწრაფის. ასეთი დამოკიდებულება მომავალში მას ზრდაზე ორიენტირებულ აზროვნებას ჩამოუყალიბებს და უფრო მეტ მოტივაციას შეუქმნის სირთულეების გადალახვისას.

წამახალისებელი და მოტივაციის მომცემი ფრაზები შეგიძლიათ ფერად ფურცლებზეც დაუწეროთ და სხვადასხვა ადგილას შეინახოთ. ასე თქვენ მათ შეახსენებთ ხოლმე, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.

სწორად შერჩეული სიტყვებით შესაძლებელია კარგი ჩვევების დანერგვა

თქვენი სიტყვებით უამრავი სასარგებლო ქცევა შეგიძლიათ ჩაუნერგოთ ბავშვებს. თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ საკუთარი სხეულის სიყვარული, ვარჯიში, ჯანსაღად კვება, თავის მოვლა და სხვა. სწორედ სიტყვებით შეგიძლიათ გაზარდოთ ბავშვი, რომელიც ემპათიური და გულისხმიერი იქნება სხვა ადამიანების და, ზოგადად, სამყაროს მიმართ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა შედეგი მომენტალურად თვალსაჩინო არ არის. ბაღის გაშენებას დრო, მოთმინება, შრომა და ენერგია სჭირდება. პოზიტიური “ნერგები” მხოლოდ ბავშებს კი არა, ზრდასრულებსაც სჭირდებათ. ამიტომ, ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ უფრო გულისხმიერი და მიმტევებელი იყოთ.

გახსოვდეთ, რასაც დასთესთ, იმას მოიმკით. 

 

სტატია მომზადებულია თიბისი დაზღვევა-სა და Bloomin.geს პარტნიორობის ფარგლებში.