Night mode

რა არის WOOP და როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები რეალობად

რა არის WOOP და როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები რეალობად
ფონტის ზომა

ალბათ, გსმენიათ გამოთქმა: “თუ რაღაცაზე ოცნება შეგიძლია, ესე იგი ამას მიაღწევ კიდევაც.” ეთანხმებით ამ აზრს? კარგად დაფიქრდით, დასკვნა ნაჩქარევად არ გამოიტანოთ. ფანტაზიების ქონა სასიამოვნოა და საკუთარ თავში რწმენა უფრო კარგია, ვიდრე თავდაჯერებულობის ნაკლებობა, მაგრამ… კვლევები გვიჩვენებენ, რომ ღრუბლებში ფრენა, ვარსკვლავების მოწყვეტაში გვიშლის ხელს. 

ფსიქოლოგი გაბრიელ ონტინგენი ვარაუდობდა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ოცნებობენ, უფრო მალე ისრულებენ სურვილებს და ამიტომ, ამ თემის კვლევა დაიწყო. წლების განმავლობაში, ის აკვირდებოდა სტუდენტებს, სამსახურის მაძიებლებს, დიეტაზე მყოფ პირებს, სიყვარულის მაძებარ ადამიანებს და სხვებს, ვისაც რაღაცის მიმართ ძლიერი სურვილი ამოძრავებდათ (Gabriele Oettingen, author of Rethinking Positive Thinking: Inside The New Science Of Motivation)

გაბრიელმა აღმოაჩინა, რომ ყველა მათგანს ერთი რაღაც ჰქონდა საერთო: რაც უფრო მეტად წარმოიდგენდნენ, რაც უფრო ძლიერი და პოზიტიური იყო ფანტაზიები მიზანთან დაკავშირებით, მით უფრო დაბალი იყო მიზნის მიღწევის ალბათობა. ამ შემთხვევაში, ადამიანები ნაკლებ კილოგრამს იკლებდნენ, უარესად სწავლობდნენ, ნაკლებად იღებდნენ სამსახურის შემოთავაზებას და უფრო დიდხანს ვერ პოულობდნენ მეორე ნახევარს.

პოზიტიური ფიქრები და ფანტაზიები თბილ, სასიამოვნო ემოციებს იწვევენ, მაგრამ არ გიბიძგებენ მოქმედებისკენ. მეტიც, ისინი ბევრ ენერგიას გართმევენ და მიძინებულ მდგომარეობაში გაგდებენ. როგორ? ისინი გაცდუნებენ და არაცნობიერად გაჯერებენ, რომ მიზნის მისაღწევად შესასრულებელი თქვენი საქმე უკვე დასრულებულია და შეგიძლიათ მოდუნდეთ. როცა ოცნებობთ, მენტალურად უკვე იქ ხართ, სადაც გინდათ რომ იყოთ, უკვე მიღწეული გაქვთ იმისთვის, რისთვისაც უნდა იშრომოთ. 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშავს რომ ოცნება ცუდია, უბრალოდ ფანტაზიები სურვილების მხოლოდ საწყისი ეტაპია, რომელიც ქცევის მიმართულებას აღვივებს და არა – მოქმედებას. საქმე იმაშია, რომ ფანტაზიები ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. 

რა არის გამოსავალი და როგორ უნდა მიიღოთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ? 

მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხი იპოვეს და კვლევებზე დაფუძნებული მიდგომა WOOP შემოგვთავაზეს. WOOP აბრევიატურაა, რომელიც იშიფრება როგორც სურვილი – შედეგი- დაბრკოლება – გეგმა  (Wish, Outcome, Obstacle, Plan) და ის ყველაზე საოცნებო (მაგრამ რეალური) მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

WOOP მეთოდის თანახმად, ადამიანი ახდენს სურვილის იდენტიფიკაციას, რის შემდეგაც აცნობიერებს, რა შედეგი ექნება სურვილის ასრულებას, ასევე რა დაბრკოლება შეიძლება წარმოიქმნას მიზნის მიღწევის გზაზე და როგორ უნდა გაუმკლავდეს მას. 

მოდით, ახლავე გამოსცადეთ საკუთარ თავზე ეს მეთოდი:

Wერთი წუთით დაფიქრდით, რა გინდათ ყველაზე მეტად უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში. ამოიცანით სურვილი, რომელსაც ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ მიღწევადია და მასზე იფიქრეთ;

Oშემდეგ, წარმოიდგინეთ, რა იქნება საუკეთესო შედეგი სურვილის ასრულების შემთხვევაში. რა მოხდება, როგორ მოხდება.

Oამის შემდეგ დაფიქრდით ხელის შემშლელ ფაქტორებზე. რეალურად, რამ შეიძლება მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ? რა არის თქვენში ისეთი, რაც ამ სურვილის ასრულებაში ხელს შეგიშლით? რა არის თქვენი შინაგანი წინაღობა? 

აქ მნიშვნელოვანია აქცენტი გააკეთოთ იმ წინაღობაზე, რომელიც თქვენშია და არა გარემოში. ეს უნდა იყოს წინაღობა, რომელზე კონტროლიც თქვენ თავად გაქვთ და ვერ გამოიყენებთ როგორც არგუმენტს უმოქმედებისთვის. როდესაც პრობლემას საკუთარ თავში ეძებთ, თქვენს ხელში მეტი კონტროლია და უფრო მარტივი ხდება მისი მოგვარება. 

იყავით გულწრფელი და თუნდაც, ცოტათი იუმორით შეხედეთ საკუთარ თავს. 

Pამის შემდეგ, იფიქრეთ გამოსავალზე. როგორ მოიქცევით ამა თუ იმ სირთულესთან გასამკლავებლად. “თუ, ეს წინაღობა (წინაღობები, რომლებიც თქვენ წარმოიდგინეთ) წარმოიქმნება, მაშინ მე… (მოქმედება, რომელსაც განახორციელებთ).”

მაგალითად, თუ თქვენ ვინმე მოგწონთ, სავარაუდოდ, სურვილი გექნებათ ეს ადამიანი პაემანზე დაპატიჟოთ. ასეთ დროს, საუკეთესო შედეგი შეიძლება იყოს დროის ერთად, სასიამოვნოდ გატარება. რამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში? თქვენმა რა მახასიათებლებმა შეიძლება შეგიშალონ ხელი? თუ მორიდებული, მორცხვი ან მშფოთვარე ადამიანი ხართ, დაბრკოლებად სწორედ ეს შეიძლება განიხილოთ. ამის შემდეგ კი უნდა იფიქროთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ წინაღობის გადასალახად. 

არსებობს ამ მეთოდზე დაფუძნებული მობილური აპლიკაციაც, რომელსაც ასევე  WOOP ეწოდება და  რომლის საშუალებითაც შეძლებთ, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილები ამოიცნოთ და აისრულოთ. 

აპლიკაციაში თქვენს სურვილებს შეინახავთ და მათი ასრულების პროგრესს დააკვირდებით. WOOP აპლიკაციის საშუალებით, უფრო მარტივად გადაანაწილებთ ყოველდღიურ რუტინულ საქმეებს და სწორი მენეჯმენტით, დიად მიზნებს მიაღწევთ.

WOOP მეცნიერულად დადასტურებული სავარჯიშოა, რომელიც დაგეხმარებათ, ოცნებები მოქმედებაში გადაიტანოთ. ამ მეთოდის საიდუმლო იმაშია, რომ მიზნების და მათი მიღწევის გზაზე არსებული წინაღობების გაცნობიერება არაცნობიერი ქცევების ჩამოყალიბებაში გეხმარებათ. აუცილებლად იოცნებეთ, მაგრამ ნუ მისცემთ ფანტაზიებს საშუალებას, მათი ასრულებისთვის საჭირო ენერგიის გარეშე დაგტოვონ. დღეში ერთხელ მაინც, ცოტა დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და გახდით თქვენივე თავის WOOP ექსპერტი. 

ავტორი: ნინი დარსაძე