Night mode

რა არის საკუთარ თავზე ზრუნვა (Self care) და როგორ შემოვიტანოთ ის ჩვენს ცხოვრებაში

რა არის საკუთარ თავზე ზრუნვა (Self care) და როგორ შემოვიტანოთ ის ჩვენს ცხოვრებაში
ფონტის ზომა

საკუთარ თავზე ზრუნვა (self-care) – ამ ტერმინს თანამედროვე სამყაროში ხშირად ვაწყდებით. თუმცა, ზოგჯერ ბოლომდე არ გვესმის რას გულისხმობს ის სინამდვილეში. საკუთარ თავზე ზრუნვა არ მოიცავს მხოლოდ ფიზიკურ აქტივობებს, როგორიცაა მაგალითად ჯანსაღი კვება, კარგი ძილი და სხვა. ის სხვადასხვა სახით არსებობს და ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს. 

რა არის საკუთარ თავზე ზრუნვა ?

ეს არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც განზრახ ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ეს გვეხმარება განწყობის გაუმჯობესებასა და შფოთვის შემცირებაში. საკუთარ თავზე ზრუნვა ხშირად გულისხმობს ისეთი აქტივობების გაკეთებას, რასაც თავისუფლად ვაკეთებთ, არ გვჭირდება დიდი ძალდატანება და რის შემდეგაც არ გვაქვს ნეგატიური შეგრძნებები

ეს არის აქტივობა, რომელიც ენერგიას გვმატებს და არა პირიქით – გვართმევს. თუმცა, ეს ამავე დროს ასევე მოიცავს ისეთ ქმედებებსაც, რომელთა გაკეთებითაც შეიძლება დასაწყისში ან პროცესში  აღტაცებულები არ ვიყოთ, მაგალითად, ჭურჭლის რეცხვა ან ტანსაცმლის დაუთოვება, თუმცა განსხავავება ისაა, რომ როგორც არ უნდა გვეზარებოდეს ეს საქმე, მისი შესრულების შემდეგ ნეგატიური შეგრძნებები არ გვაქვს. მაგალითად, მეორე დილით შეიძლება ინანოთ საღამოს მირთმეული ჩიზქეიქი, მაგრამ გარეცხილი ჭურჭელი და დალაგებული ტანსაცმელი – არა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი კონცეფციაა, ის ხშირად გვერევა უკეთესობისკენ სწრაფვასა (self improvement) ან თავის განებივრებაში (treating ourselves). 

უკეთესობისკენ სწრაფვა, გულისხმობს იმ ქმედებებს რომელთაც ჩვენი პერსონალური თუ პროფესიული განვითარებისთვის ვაკეთებთ, მაგალითად, ასეთია ახალი უნარების დასწავლა. თავის განებივრება კი გულისხმობს საკუთარი თავის “დასაჩუქრებას” დასვენებით ან თუნდაც გემრიელი დესერტით.

საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველთვის ადვილი არ არის, მეტიც, ჩვენ ხშირად არ გვრჩება დრო ამისათვის. სამსახური, ოჯახი, ტექნოლოგიები და სხვადასხვა ვალდებულებები თითქოს დროს არ გვიტოვებს იმისთვის, რომ ჩვენთვის სასარგებლო აქტივობებით დავკავდეთ, ან უარესისაკუთარი თავზე ზრუნვისთვის ხშირად თავს ეგოისტებად ვთვლით. არადა, საკუთარ თავზე ზრუნვა ეგოისტური აქტი არ არის და არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებს. არამედ ცოდნას, თუ რა გვჭირდება და როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საკუთარ თავზე. შედეგად კი გვქონდეს შესაძლებლობა, ვიზრუნოთ სხვებზეც.

ეს გვეხმარება განწყობის გაუმჯობესებასა და შფოთვის შემცირებაში, ასევე საკუთარ თავთან და სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

საკუთარ თავზე ზრუნვის რამდენიმე ტიპი 

ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი სფერო მოითხოვს საკუთარი თავისთვის დროის დათმობას და მასზე ზრუნვას.  საკუთარ თავზე ზრუნვა შეიძლება იყოს ფიზიკური, ემოციური, სოციალური, სულიერი, პერსონალური, ჩვენს სამსახურთან, ფინანსებთან და პირად სივრცესთან დაკავშირებული

პერსონალური

ზრუნვის პერსონალური ტიპი გულისხმობს საკუთარი თავის გაცნობას, საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნას, ჰობით და ინტერესებით დაკავებას, რომლებიც გაინტერესებთ. თქვენი თავისთვის დროის გამოყოფა და თქვენთვის საინტერესო აქტივობებით დაკავება, საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა.

 მაგალითად, როდესაც დაკავებული ხართ მცენარეების მოვლით, ხატვით, ძერწვით ან სხვა თქვენთვის საინტერესო საქმიანობით, ამ დროს თქვენს თავზე ზრუნავთ. 

სივრცე

იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იზრუნოთ, უნდა იზრუნოთ თქვენს პირად სივრცეზე, მის დაცულობაზე, ცხოვრების ჯანსაღ გარემოზე, სტაბილურობასა და თქვენი გარემოს ორგანიზებულობაზე. ეს შეიძლება გულისხმობდეს თქვენი საცხოვრებელი გარემოს მოწყობას, დალაგებას და სხვა. გაიხსენეთ, რომ დალაგებულ ოთახსა და სასიამოვნო გარემოში თავს ბევრად უკეთ და მშვიდად ვგრძნობთ. 

საკუთარ თავზე ზრუნვის ამ ტიპის მაგალითებია საცხოვრებელი სახლის დალაგება-დასუფთავება, სამუშაო კუთხის ორგანიზება, ოთახის დეკორირება. 

ფინანსური

საკუთარ თავზე ფინანსურად ზრუნვა გულისხმობს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. ზრუნვის ეს ფორმა მოიცავს ბიუჯეტირებას, თანხის შეგროვებას (სეივინგების გაკეთებას), გადასახადების დროულად გადახდასა და ზომიერ ხარჯვას. შედეგად, ფინანსური სტრესი მცირდება და ჩვენი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. 

ფინანსური ზრუნვის მაგალითებია ხარჯების ბიუჯეტირება, რაციონალური და ზომიერი ხარჯვა, პირველ რიგში გადასახადების გადახდა და ვალდებულებების გასტუმრება, უარის თქმა იმპულსურ შენაძენზე. 

სამსახურეობრივი

სამუშაო სივრცეში საკუთარ თავზე ზრუნვა შეიძლება გამოიხატებოდეს ისეთი წვრილმანი საკითხებით, როგორიცაა მაგალითად, შესვენების დროის სრულად გამოყენება, იმის ნაცვლად, რომ დარჩენილი დავალება შევასრულოთ. ან ისეთით, როგორიცაა დროის უკეთესი მენეჯმენტი, ჯანსაღი და პოზიტიური სამუშაო გარემო, სამსახურში საზღვრების დაწესება. 

სამსახურეობრივ სივრცეში საკუთარ თავზე ზრუნვის მაგალითებია სამუშაო დღის დროულად დასრულება, გახსნილი კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ლანჩის დროის გამოყენება. 

ფიზიკური 

იმისთვის, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ აუცილებელია ჩვენს ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა. ფიზიკური ზრუნვაა ნებისმიერი მოქმედება, რომელიც დადებითად აისახება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და კარგად ყოფნაზე. 

ჯანსაღი კვება, ვარჯიში, ძილი, სეირნობა, დასვენება და იოგა ფიზიკური ზრუნვის საშუალებებია. 

სოციალური

ემოციური ზრუნვა ნიშნავს ჯანსაღი საზღვრების დაწესებას, კომუნიკაციას, მხარდაჭერის სისტემების ქონას, (support systems) სოციალურ წრესთან კავშირსა და კომუნიკაციას, სხვებთან ერთად დროის გატარებასა და სხვებისთვის დახმარების თხოვნას. 

სოციალური ზრუნვის მაგალითებია ლანჩი მეგობრებთან ერთად, მშობლებთან რეგულარულად დარეკვა, მეგობრებისთვის აზრებისა და გამოცდილების გაზიარება და სხვა.

ემოციური 

ემოციური ზრუნვის ტიპი მოიცავს სტრესის მენეჯმენტს, პატიებას, სიკეთესა და ემოციურ სიმწიფეს. როდესაც შეგვიძლია ჩვენი ემოციების აღქმა და მათი მართვა, თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობთ.

ემოციური ზრუნვის მაგალითებია საკუთარი ემოციების მართვის სწავლა, საკუთარი გრძნობების გაანალიზება – რას განვიცდით და რატომ, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, შემოქმედება – მუსიკის შექმნა, ხატვა, ძერწვა. 

სულიერი/სპირიტუალური

საკუთარ თავზე ზრუნვის ეს ფორმა გულისხმობს კავშირს ჩვენს საკუთარ თავთან. აუცილებელი არ არის, რომ სულიერი და სპირიტუალური პრაქტიკა რელიგიური იყოს.

სულიერი ზრუნვის მაგალითებია განმარტოება, იოგა, მედიტაცია, მარტო ყოფნა, ბუნებაში დროის გატარება და საკუთარი აზრების ჩაწერა. 

როგორც ხედავთ, საკუთარ თავზე ზრუნვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ვარჯიშით ან ჯანსაღი კვებით, ზრუნვა ბევრნაირად შეგვიძლია. ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში საკუთარ თავზე ზრუნვა დაგვეხმარება ვიყოთ უფრო მშვიდად, გვქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები და დავიცვათ ბალანსი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთავარია თავად მოძებნოთ რა გეხმარებათ საკუთარ თავზე ზრუნვაში ყველაზე უკეთ.

სტატია მომზადებულია Planta სა და Bloomin.ge ს პარტნიორობის ფარგლებში. 

ავტორი : მარიამ რუსიშვილი