Night mode

რა არის “Negativity Bias”, ანუ რატომ მივილტვით ნეგატიური აზრებისკენ?

რა არის “Negativity Bias”, ანუ რატომ მივილტვით ნეგატიური აზრებისკენ?
ფონტის ზომა

თუ დაუკვირდებით, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ხშირად ნეგატიური მოვლენები ჩვენზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე დადებითი მომენტები.

ერთ დაშვებულ შეცდომას უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე ათჯერ არაჩვეულებრივად გაკეთებულ საქმეს. ან, მაგალითად, როცა საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება გვაქვს, ავტომატურად გვახსენდება ყველაფერი ცუდი, რაც ჩაუდენია და არ ვფიქრობთ მის კარგ თვისებებზე.

კვლევების თანახმად, ჩვენი ტვინი ნეგატიურ სტიმულზე უფრო ინტენსიურად რეაგირებს, ვიდრე პოზიტიურზე. ეს მდგომარეობა ნეგატიურზე ფიქრის ტენდენციით აიხსნება.

რა არის ნეგატიურზე ფიქრის ტენდენცია?

ნეგატიურად ფიქრის ტენდენცია არის ადამიანის მიდრეკილება, უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს უარყოფით ცხოვრებისეულ მომენტებს, ვიდრე დადებით ან ნეიტრალურ გამოცდილებას.

იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ ხდება, ჩვენ:

  • უფრო მეტს ვფიქრობთ ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც უსიამოვნებას იწვევს ან ტკივილს გვაყენებს;
  • შენიშვნებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე კომპლიმენტებს;
  • ზოგადად, უფრო მალე ვფოკუსირდებით ნეგატიურ ინფორმაციაზე, ვიდრე პოზიტიურზე.

რატომ ვამახვილებთ ყურადღებას ნეგატიურ მოვლენებზე ?

მიზეზი ის არის, რომ ნეგატიურ მოვლენებს უფრო ძლიერი გავლენა აქვს ჩვენს ტვინზე, ვიდრე პოზიტიურს. ნეგატიურად ფიქრის ტენდენცია მილიონობით წლის შედეგად დაგროვებული გამოცდილებით დამკვიდრდა ჩვენში. ტვინმა განივითარა სისტემა, რომელიც შეუძლებელს ხდის საფრთხის ვერ შემჩნევას და, შესაბამისად, რეაგირების გარეშე დატოვებას.

ითვლება, რომ ეს არის ადაპტური ევოლუციური ფუნქცია, რომელიც ჩვენივე კეთილდღეობისთვის ჩამოგვიყალიბდა.

კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე, თვითგადარჩენა დამოკიდებული იყო საფრთხესთან გამკლავების უნარებზე. ჩვენს წინაპრებს საკვების მოსაპოვებლად ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათო დაბრკოლებების გადალახვა უწევდათ. როგორც წესი, მტაცებლებისა თუ სხვა ბუნებრივი საფრთხეების შემჩნევა და მათზე რეაგირება (უარყოფითი მოვლენა), უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო ხოლმე, ვიდრე საკვების მოძიება (პოზიტიური მოვლენა).

დღევანდელ რეალობაში საფრთხის ამოცნობაზე ამ დოზით “ჩასაფრება” აღარ არის საჭირო. დღეს არ გვაქვს იმაზე სანერვიულო, ხომ არ დაგვესხმევა თავს დათვი ან ლომი, თუმცა, ევოლუცია ნელი და დინჯი პროცესია და ჩვენი ტვინი, ისევ ისე აღიქვამს სამყაროს, როგორც ჩვენი “მომთაბარე-მონადირე” წინაპრები.

რაღაც დოზით, ეს ფუნქცია ისევ საჭიროა, ისევე როგორც სტრესი ან მსუბუქად ზოგ სიტუაციაში შფოთვა, რაც ფიზიკურად სახიფათო სიტუაციებისგან გვიცავს. თუმცა, იმ ინტენსივობით ნეგატიურ მოვლენებზე ყურადღების კონცენტრაცია, რა რაოდენობითაც ეს თვითგადარჩენისთვის აუცილებელი იყო, დღეს ხშირად ხელს გვიშლის ცხოვრებაში პოზიტიური და სიამოვნების მომნიჭებელი მომენტების შემჩნევაში.

რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს ნეგატიურად ფიქრის ტენდენციამ?

უარყოფითზე ფოკუსირებით, უფრო რთული ხდება იმ კარგი რაღაცების შემჩნევა, რაც ჩვენს ცხოვრებაშია. ხშირად, ადამიანებშიც უარყოფითს უფრო მეტს ვხედავთ, ვიდრე დადებითს. ასეთი ხედვა სხვებზე ცუდ წარმოდგენებს და მოლოდინებს გვიქმნის. შედეგად,  ადამიანების ქცევებსაც პესიმისტურად ვაფასებთ და ჩვენი ქცევაც ამის მიხედვით ყალიბდება. მაგალითად, შეიძლება ვინმეზე ვიფიქროთ, რომ მატყუარაა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ მოიტყუა. ამის გამო, შესაძლოა, ამ ადამიანს უხეშად მოვექცეთ.

კვლევების მიხედვით, პოტენციურ უარყოფით მხარეებზე ფოკუსირება არაეფექტურად მოქმედებს ჩვენ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ჩვენ გვიჭირს რისკზე წასვლა მაშინაც, როცა საფრთხეებს და სარგებელს თანაბრად ვაფასებთ.

როგორ შევცვალოთ ნეგატიურად ფიქრის ტენდენცია?

იმის მიუხედავად, რომ ნეგატიურზე ფიქრის ტენდენცია ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება და რაღაც დოზით მაინც საჭიროა, ჩვენ შეგვიძლია ისე შევცვალოთ ჩვენი ხედვები, რომ პოზიტიური მოვლენები ნეგატიურზე მეტად აღვიქვათ, ამისთვის:

  • გახსოვდეთ, რომ ნეგატიურზე ფიქრის ტენდენცია არსებობს და რომ ეს არაცნობიერი პროცესია;
  • როცა რაიმე სირთულეს წააწყდებით და იგრძნობთ, რომ ითრგუნებით, შეეცადეთ, მთლიან სურათს შეხედოთ და ობიექტურად შეაფასოთ რეალობა;
  • ივარჯიშეთ პოზიტიური მოვლენების შემჩნევასა და დაფასებაში. შეგიძლიათ, დღიურში დღის ბოლოს ჩამოწეროთ, რა მოხდა კარგი და რისთვის ხართ მადლიერი.
  • როცა რაღაც სასიამოვნო ხდება, ერთი წამით შეჩერდით და დაუკვირდით ამ მომენტს.

ნეგატიურად ფიქრის ტენდენციას ნამდვილად შეუძლია ძლიერი გავლენა ჰქონდეს ჩვენს ქცევაზე, მაგრამ ამის გააზრება ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების უფრო პოზიტიური ხედვის მისაღებად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.

 

ავტორი : ნინი დარსაძე