Night mode

რა არის მენტალური/ემოციური კეთილდღეობა

რა არის მენტალური/ემოციური კეთილდღეობა
ფონტის ზომა

მენტალური/ემოციური მდგომარეობა დინამიურია და ხშირად იცვლება კეთილდღეობის სხვა სფეროების ცვლილებასთან ერთად. ჩვეულებრივ, ემოციური/მენტალური კეთილდღეობა განისაზღვრება, როგორც   საკუთარ მენტალური და ემოციური მდგომარეობის სწორად შეფასება, უარყოფით განცდებთან გამკლავება, სიყვარულის უნარის ქონა და ბედნიერების, ემოციური სისავსის განცდის მიღწევა.

მენტალური ჯანმრთელობა არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი კარგად გრძნობს თავს და აცნობიერებს, რომ აქვს უნარი გაუმკლავდეს ცხოვრების ჩვეულ სირთულეებს და სტრესს. შეუძლია, იყოს პროდუქტიული და ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინები მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობა სინონიმებია.

ემოციური კეთილდღეობა მოიცავს თვითშეფასებას, საკუთარი თავის მიღებას, ოპტიმიზმსა და საკუთარი გრძნობების გაზიარების უნარს.

რატომ არის მენტალური/ემოციური კეთილდღეობა ჩვენი ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანი

ემოციური/მენტალური კეთილდღეობა კავშირშია კეთილდღეობის სხვა დანარჩენ სფეროებთან, რამდენადაც თითოეული მათგანი აისახება ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა  და მენტალურ ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ფინანსური კეთილდღეობის დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, ინტელექტუალური კეთილდღეობის დაბალმა მაჩვენებელმა – სიცარიელის შეგრძნება, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა – უარყოფითი ემოციური განცდები და სხვა.

ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ამ სფეროს, ვისაუბროთ ჩვენს განცდებსა და ფიქრებზე, სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, დროულად ამოვიცნოთ ემოციური თუ მენტალური პრობლემები და პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ კეთილდღეობაზე

როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მენტალური/ემოციური კეთილდღეობა

  • ისწავლეთ თქვენი ფიქრებისა და ემოციებისთვის მოსმენა და გააზრება, როდესაც რაღაც გჭირდებათ.
  • იმუშავეთ ოპტიმისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.
  • დაეხმარეთ სხვებს და ითხოვეთ დახმარება, როდესაც ეს გჭირდებათ.
  • ისწავლეთ პრიორიტეტიზაცია და დროის სწორი გადანაწილება.
  • ისწავლეთ სტრესთან გამკლავება.
  • აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ბედნიერებაზე.
  • მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და იზრუნეთ მასზე.
  • ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული

შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი მენტალური/ემოციური კეთილდღეობა

  1. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ თითოეული ფრაზა და X -ით მონიშნოთ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ ფრაზას თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
  2. თითო სფეროს ბოლოს დაფიქრდით, ამჟამად რამდენად კმაყოფილები ხართ მთლიანობაში თქვენი ცხოვრების ამ სფეროთი და მონიშნეთ შესაბამისი რიცხვი.
  3. დაფიქრდით, კონკრეტულად რა ასპექტით ხართ უკმაყოფილო და შესაბამისად, სად შეიძლება მიმართოთ თქვენი დრო და ენერგია.

სასურველია, პერიოდულად თავიდან შეავსოთ კითხვარი, რომ თვალი ადევნოთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი