Night mode

რა არის ჯანსაღი საუზმე?

რა არის ჯანსაღი საუზმე?
ფონტის ზომა

 

გაფრთხილება: სპეციფიკური ფიზიოლოგიური პრობლემების შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს კვების რაციონისა და დიეტის შედგენა. ასეთ შემთხვევაში, წინასწარ მიმართეთ თქვენს ექიმს.

რაც უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჯანსაღი ცხოვრებით, მით უფრო ხშირად ისმის კითხვა საუზმის შესახებ. როდის უნდა მივირთვა საუზმე? უნდა მივირთვა თუ არა ის საერთოდ? რამდენი უნდა მივირთვა, რა და როგორ მომზადებული? აუცილებელია საუზმე დილით მივირთვა? ამ სტატიაში ყველა კითხვას გავცემთ პასუხს და განვიხილავთ, სინამდვილეში რა არის ჯანსაღი საუზმე.

რა არის საუზმე?

საუზმე არის პირველი კვება ღამის გრძელვადიანი შიმშილის შემდეგ (Breakfast, ანუ  Break fast- შიმშილის დარღვევა).

როდის მივირთვათ საუზმე?

საუზმის მიღების იდეალური დრო არ არსებობს. გააჩნია, რომელ საათზე ვიღვიძებთ და როგორი ცხოვრების წესი და გრაფიკი გვაქვს. შესაბამისად, საუზმის საუკეთესო დრო ინდივიდუალურია. თუმცა, კარგია, თუ თქვენს ორგანიზმს დაახლოებით 12-საათიანი განტვირთვის საშუალებას მისცემთ. მაგალითად, თუ საღამოს 9 საათზე ივახშმეთ, დილით 9 საათის შემდეგ ისაუზმეთ. საქმე იმაშია, რომ ბევრს დილით ჭამა ეზარება, ავიწყდება, ან დრო არ აქვს და შემდეგ მოშიებულზე უწევს გარეთ ნაკლებად ჯანსაღი საკვების მიღება. თუ თქვენც ასე გემართებათ, სასურველია, ნელ-ნელა ჩვევაში გადაგივიდეთ ან დილით სახლში ჯანსაღი საუზმის მირთმევა, ან მომზადება და თან წაღება, რომ მიირთვათ მაშინ, როდესაც მოგშივდებათ.

რა მივირთვათ საუზმედ?

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რამდენადაც თუ პირველ ჭამაზე რაფინირებული (თეთრი) ფქვილით, შაქრითა და ცხიმებით გაჯერებულ საკვებს მიირთმევთ, დიდი ალბათობით, მალევე მოგშივდებათ, ენერგია მალე გამოგეცლებათ და შუადღეს ძილი მოგერევათ, თანაც, ტკბილი და არაჯანსაღი საკვების მოთხოვნილება გექნებათ. თუ ჯანსაღად ისაუზმებთ, დღეს ენერგიულად დაიწყებთ, გაგიმარტივდებათ კონცენტრაცია და დაგირეგულირდებათ მადა, არ გექნებათ არაჯანსაღი საკვების მოთხოვნილება. შეგიძლიათ ნახოთ ჯანსაღი და მარტივად მოსამზადებელი საუზმის რეცეპტები, რათა თქვენი საუზმე მრავალფეროვანი იყოს.

რას ნიშნავს ჯანსაღი/დაბალანსებული საუზმე?

როდესაც ჯანსაღ საუზმეზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ჯანსაღი ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებულ საკვებს. განსაკუთრებით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანსაღ ცილებსა და ბოჭკოებს. ჯანსაღ ცილებს შეიცავს ავოკადო, თევზი,  ყველი, კვერცხი, თხილეული, ჩიას თესლი. ხოლო ბოჭკოთი მდიდარია ხილ-ბოსტნეული, განსაკუთრებით, კენკრა, ვაშლი, ბროკოლი, შვრია, ქინოა და სხვა.

შეგიძლიათ, დილა წყლის დალევით დაიწყოთ. იმისთვის, რომ საუზმის მომზადებისთვის დიდი დრო არ დაგჭირდეთ და მოუცლელობის გამო უარი არ თქვათ მასზე, ინგრედიენტები წინასწარ მოამზადეთ. განსაკუთრებით დატვირთული დღეებისთვის გქონდეთ სწრაფი საუზმის ვარიანტები, რაც დაგიკმაყოფილებთ შიმშილის გრძნობას, მაგალითად, ბანანი, მოხარშული კვერცხი, მაწონი და ხილეული.

თუ თქვენ არ ხართ მიჩვეული საუზმის ჭამას და პირველ ჭამაზე ძალიან ცოტას მიირთმევთ, ეცადეთ, რასაც მიირთმევთ, არ იყოს რაფინირებული თეთრი შაქრისა და ფქვილისგან დამზადებული. შემდეგ,  ნელ-ნელა ეცადეთ გაზარდოთ საუზმის ზომა ისე, რომ საუზმის შემდეგ 4 საათი არ მოგშივდეთ.