Night mode

მშობლობის 4 სტილი და მათი გავლენა ბავშვებზე

მშობლობის 4 სტილი და მათი გავლენა ბავშვებზე
ფონტის ზომა

როგორ ფიქრობთ, აღზრდის რომელ სტილს იყენებთ? მეცნიერები გვეუბნებიან, რომ მრავალი ტიპის მშობელი არსებობს, მაგრამ არსებობს ოთხი ყველაზე გავრცელებული მიდგომა: ავტორიტარული, ავტორიტეტული, ინდიფერენტული და ლიბერალური.

იმის მიხედვით, თუ აღზრდის რომელ სტილს იყენებთ, შეიძლება წინასწარ ვივარაუდოთ, რა ძლიერი მხარეები განუვითარდება ბავშვს ან რა სირთულეები შეიძლება წარმოექმნას როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ.

საინტერესოა, რომელი ტიპის მშობელი ხართ თქვენ?

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოსაზრება უფრო სახასიათოა თქვენთვის?

  1. მიმაჩნია, რომ ქცევის წესები მშობელმა უნდა შეიმუშაოს, ბავშვი კი, უბრალოდ ამ წესებს მიჰყვეს. ბავშვი არის ბავშვი და მას არ შეუძლია მოვლენების კარგად გააზრება, ამიტომ ის მუდმივად ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს და უსიტყვოდ გვიჯერებდეს.
  2. ჩემს შვილს თავისუფლად შეუძლია მესაუბროს თავისი პრობლემების შესახებ.  იშვიათად ვუთითებ, რა არის მის ქცევაში არასწორი ან მიუღებელი, რადგან მჯერა, რომ ჩემი ჩარევის გარეშე უკეთ ისწავლის. წესები იმისთვის არსებობს, რომ ისინი დაარღვიონ.
  3. ჩემს შვილთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად ბევრ დროსა და ენერგიას ვხარჯავ. ჩვენ ერთად გვაქვს შემუშავებული წესები, რომლებიც ორივესთვის გასაგებია. წესების შეუსრულებლობას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, მაგრამ აუცილებლად ვითვალისწინებ ბავშვის გრძნობებს.
  4. ვზრუნავ ჩემი შვილის კვებაზე და უსაფრთხოებაზე. არ გვაქვს წესები, არც მოვითხოვ მისგან რაიმეს და არც ვუბრაზდები. არ ვიცი, რა ინტერესები აქვს და ზოგჯერ არც ის – სად და ვისთან ერთად ატარებს დროს.

როგორია ავტორიტარული მშობელი?

თუ ზემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან, თქვენთვის ყველაზე სახასიათო პირველი მათგანია, ეს ნიშნავს, რომ ძირითადად, აღზრდის ავტორიტარულ სტილს იყენებთ.

ავტორიტარული მშობლობა აღზრდის ყველაზე მკაცრი სტილია, რომელიც უფრო “ტრადიციულ” მიდგომას ეფუძნება. ამ მიდგომის მიხედვით, სითბო და დაუსჯელობა ბავშვს ზედმეტად ათამამებს და აფუჭებს.

მშობელს სჯერა, რომ ბავშვები თვალდახუჭულად უნდა მიჰყვებოდნენ უფროსების წესებს. თუ ბავშვი რომელიმე წესს ვერ იაზრებს და ვერ ხვდება, რატომ უნდა მოიქცეს ისე, როგორც ეუბნებიან, ავტორიტარული მშობელი პასუხობს: “იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი.”

დისციპლინის სწავლების ნაცვლად, ავტორიტარული მშობელი დასჯას იყენებს. იმის ნაცვლად, რომ ბავშვს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება ასწავლოს, შეცდომების დაშვების გამო თავს დამნაშავედ აგრძნობინებს.

ხშირად, ბავშვებს, რომელთა მშობლებიც აღზრდის ავტორიტარულ სტილს იყენებენ, დაბალი თვითშეფასება აქვთ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი აზრი არ არის საკმარისად დაფასებული.

ასევე, ასეთი ბავშვები შეიძლება გახდნენ აგრესიულები და დასჯის თავიდან ასაცილებლად ხშირად მოიტყუონ. ისინი უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ და უარესად უვითარდებათ სოციალური უნარები.

როგორია ლიბერალური მშობელი?

აღზრდის ლიბერალური სტილი ზუსტად ავტორიტარულის საპირისპიროა და თუ თქვენთან ყველაზე ახლოს მეორე დებულებაა, სავარაუდოდ, სწორედ ამ სტილს იყენებთ. მკაცრი წესების ნაცვლად, ლიბერალურ მშობელს თითქმის არანაირი მოლოდინი არ აქვს ბავშვის მიმართ. წესები ფაქტობრივად არ არსებობს და მათ დარღვევასაც არაუშავს.

ასეთი მშობელი ძალიან ლმობიერია და არ არის მტკიცე. შეიძლება, ბავშვს რაიმეზე უარი უთხრას, მაგრამ ხვეწნა-მუდარის შემდეგ, უკან დაიხევს.

ლიბერალური მშობელი, ყოველთვის უსმენს ბავშვს და იცის მისი პრობლემების შესახებ, თუმცა, არ ეუბნება რა არის ცუდი ან მიუღებელი. ასეთი მშობელი უფრო მეტად მეგობარს ჰგავს, რომელიც მხოლოდ მაშინ ერევა ბავშვის საქმეში, როცა რაიმე სერიოზული ხდება.

თითქოს, აღზრდის ასეთი სტილი უნაკლოა, რადგან უფრო თბილს და სიყვარულით სავსეს ჰგავს. მაგრამ… სინამდვილეში, ასეთ მშობელთან არ არსებობს საზღვრები, რაც აუცილებლად გამოიწვევს დისციპლინასთან დაკავშირებულ პრობლემებს. შედეგად, მივიღებთ დაბალ აკადემიურ მოსწრებას, ქცევის სირთულეებს და მეტიც, ჯანმრთელობის პრობლემებს.

არსებობს რისკი, რომ ბავშვებს ვერ განუვითარდებათ ისეთი სასარგებლო ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, კბილების გახეხვა ან არაჯანსაღ საკვებზე უარის თქმა.

როგორია ავტორიტეტული მშობელი?

აღზრდის ავტორიტეტული სტილი არის ოქროს შუალედი სიმკაცრესა და ზედმეტ ლმობიერებას შორის. ავტორიტეტული მშობელი იყენებს წესებს და დისციპლინას, თუმცა ეს ყველაფერი ბავშვის აზრისა და გრძნობების გათვალისწინებით ხდება.

აღზრდის ეს სტილი ბავშვს სიყვარულს აგრძნობინებს და, ასევე, სხვების პატივისცემას ასწავლის, რადგან მშობელი ყველანაირად ცდილობს, გამოიყენოს პოზიტიური დისციპლინა კარგი ქცევების განსავითარებლად.

კვლევების თანახმად, ასეთი მშობლების ბავშვები პასუხისმგებლიან ადამიანებად ყალიბდებიან, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა. არიან ბედნიერები და წარმატებულები, უფრო ხშირად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს და უკეთ აფასებენ რისკებს.

როგორია ინდიფერენტული მშობელი?

ინდიფერენტული მშობელი ბავშვის მიმართ ინტერესს არ იჩენს, არც სითბოს გამოხატავს და თითქმის არ ატარებს დროს ბავშვთან ერთად. ასევე, არ აწესებს მისი ქცევებისთვის საზღვრებს.

ასეთი მშობლები, გადაღლილობის თუ სხვა პრობლემების გამო, ზოგჯერ საერთოდ მიუწვდომელნი არიან ბავშვებისთვის.

ინდიფერენტულად აღზრდილი ბავშვები ნაკლებად ბედნიერები არიან. როგორც წესი, დაბალი თვითშეფასება უყალიბდებათ, დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ და ხშირად, ემოციების რეგულაცია უჭირთ. მეტიც, დიდია იმის ალბათობა, რომ ზრდასრულობაში კანონის საწინააღმდეგო ქცევას ჩაიდენენ.

და ბოლოს…

მშობლები ყოველთვის მკაცრად ერთ კატეგორიაში არ ჯდებიან. ზოგჯერ, შეიძლება უფრო ლიბერალური იყოთ, რაღაც მომენტში კი, უფრო – მკაცრი და შეიძლება, ინდიფერენტულობაც კი შეამჩნიოთ.

მთავარია გახსოვდეთ, რომ მონდომებით და საკუთარ თავზე მუშაობით, მშობლობის ყველაზე ეფექტური სტილის გამომუშავება შეგიძლიათ.

ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კვლევების თანახმად, აღზრდის ავტორიტეტული სტილი ყველაზე ეფექტურია.

 

ავტორი: ნინი დარსაძე