Night mode

მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოსაჩენად – ლიკა აბლოთიას თავგადასავალი აშრამში

მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოსაჩენად – ლიკა აბლოთიას თავგადასავალი აშრამში
ფონტის ზომა

 

როგორ დაიწყო ჩემი მოგზაურობა

ალბათ, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბუნებით მაძიებელი ადამიანი ვარ. ყოველთვის მიჭირდა ერთსა და იმავე გარემოში გაჩერება, თითქოს, არაფერი მაკმაყოფილებდა და მუდმივად მინდოდა რაღაც მეტი, ვიდრე შეჩვეული, ერთფეროვანი კომფორტი. თითქოს, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა ცხოვრებაში, მაგრამ თავს მაინც ძალიან სევდიანად და მოწყენილად ვგრძნობდი. ხშირად, როდესაც არსებული რეალობა არ მოგვწონს და გვჭირდება რაღაც უფრო მეტი, გონება გვატყუებს: „ყველა ასე ცხოვრობს“, „ვერაფერს შევცვლი“, „იმისთვის, რომ რაღაც შევცვალო, ძალიან ბევრი ფული მჭირდება“, „აი, ბევრი ფული რომ მქონდეს, ყველაფერი სხვანაირად იქნება“, „უკეთესი სამსახური რომ ვნახო, ეს  გამაბედნიერებს“ და ა.შ.

არ დაიჯეროთ, რომ ასეა!

როგორ აღმოვჩნდი სადჰგურუს აშრამში (ანუ იშა იოგა ცენტრში)

ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც დეპრესიაში ვიყავი და ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მჭირდებოდა, შევხვდი ადამიანს, ვინც პირველად მომიყვა აშრამის საოცარი სამყაროს შესახებ. იქ პირველად შვებულების დროს წავედი და დაწყებითი საფეხურის პროგრამა გავიარე. ორი კვირა საკმარისი არ აღმოჩნდა, მივხვდი, რომ მინდოდა ამ ადგილიდან რაც შეიძლება მეტი წამომეღო.

ამ ადგილს მეორედაც 2-კვირიანი ვიზიტით ვესტუმრე. მივხვდი, რომ არათუ ამოვწურე, არამედ კიდევ უფრო მეტის შემეცნების სურვილით დავბრუნდი უკან. როგორც იქნა, მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება. წამოვედი სამსახურიდან და 5 თვით გავემგზავრე იოგა ცენტრში. გადაწყვეტილების მიღება არ აღმოჩნდა მარტივი. გონება ისევ ჩაირთო და ძალიან ბევრ კითხვას მისვამდა: „მერე რა იქნება, რომ დაბრუნდები?“ „კარგი სამსახური რომ ვეღარ ნახო?“ „ფული რომ ამოგეწურება, მერე რას იზამ?“ და ა.შ. თუმცა, მე ყოველთვის გულს უფრო ვუსმენ, ვიდრე გონებას და ამას არასდროს ვნანობ. ამიტომ, მალევე გავაჩუმე გონება და ბარგის ჩალაგება დავიწყე.

რა ხდება აშრამში?

აშრამი სამხრეთ ინდოეთის ტროპიკებში, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარეობს და გარშემორტყმულია ჯუნგლებით. განრიგი მკაცრ იოგურ დისციპლინაზეა დამყარებული. დილა იწყება 05:30-ზე დილის პრაქტიკებით, იოგით და სხვადასხვა მედიტაციითა და რიტუალით. საუზმე 10 სთ-ზეა, სადილი 7-ზე, ძილი – 10-ზე. მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი აქტივობაა. როდესაც ისეთი დიდი დროით მიდიხარ, როგორც მე წავედი, თან მოხალისედაც გიწევს მუშაობა. ამ შემთხვევაში, კვება და საცხოვრებელი უფასოა. თანაც, შეგიძლია სხვადასხვა პროგრამაზე ჩაეწერო და ისწავლო ჰათჰა იოგა, ანგამარდანა, კრიები (ენერგიის პრაქტიკები), მედიტაციები და ა.შ.

ასევე, შეგიძლია გაიარო 8-დღიანი მდუმარების პროგრამა ან ჩაეწერო ისეთ პროგრამაზე, რომელიც არ გასწავლის პრაქტიკებს და არის განცდებზე ორიენტირებული. ასეთ პროგრამებზე აკეთებ სხვადასხვა კათარზისულ მედიტაციას და აქტივობას. რაც შეეხება მოხალისეობას, შეგიძლია იყო მოხალისე სამზარეულოში, დაეხმარო ცხოველების მოვლაში, სხვადასხვა პროგრამის ორგანიზებაში ან გამოიყენო ნებისმიერი პროფესიული უნარი, რაც გაქვს.

რა არის ტრანსფორმაციული აშრამის გარემოში

მთელი აშრამის გარემო ისეა შექმნილი, რომ საშუალება მოგცეს, რაც შეიძლება მეტად ჩაუღრმავდე საკუთარ შინაგან მე-ს. მაგალითისთვის:

ცენტრის ტერიტორიაზე ვერსად ნახავ სარკეს –  ამგვარად, ეჩვევი, რომ არ იყო ორიენტირებული იმაზე, თუ როგორ გამოიყურები, არამედ მეტი ფოკუსირება მოახდინო საკუთარ შინაგან სამყაროზე და იმაზე, თუ რა ხდება შენ გარშემო.

არ არის wifi და აკრძალულია ფოტოების გადაღება – ეს გეხმარება კონცენტრირდე საკუთარი თავის განვითარებაზე და არა ფოტოების გადაღებაზე ან უსარგებლო სქროლვასა და კომუნიკაციაზე.

კვების დროს ზიხარ იატაკზე იოგურ პოზაში და ხელით მიირთმევ – ეს საშუალებას გაძლევს, მაქსიმალური კავშირი იგრძნო მიწასთან და საკვებთან, ბოლომდე შეიგრძნო თითოეული ლუკმა და მეტი მადლიერების შეგრძნება გქონდეს საკვების მიმართ.

საკვები არ შეიცავს ნერვულ სტიმულატორებს, როგორებიცაა: ნიორი, ხახვი და .. აშრამის სასადილოში ვერ დალევ ჩაის და ყავას – ეს საშუალებას გაძლევს, იყო მაქსიმალურად არალეთარგიული და მიხვდე, რომ შენი ენერგიის გარეგანი სტიმულირება, სინამდვილეში, საერთოდ არ გჭირდება.

აშრამში ყველაფერს აკეთებენ მოხალისეები – მოხალისეობა და იმის ყურება, თუ რამდენს აკეთებენ სხვა მოხალისეები შენი კეთილდღეობისთვის, უზომოდ დიდი მადლიერებით გავსებს. ეს გასწავლის უპირობო სიყვარულს და მზრუნველობას, თუნდაც, სრულიად უცხო ადამიანების მიმართ. გაძლევს საშუალებას, რომ თავი იგრძნო რაღაც დიდის ნაწილად.

ენერგიის სივრცეები და პროგრამები – ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია ენერგიის სხვადასხვა სივრცე, სადაც მედიტაცია თავისთავად, ძალიან მარტივად და ძალდატანების გარეშე ხდება. პროგრამებზე მიღებულ გამოცდილებას კი, ფიზიკურად და ენერგეტიკულად სხვა საფეხურზე გადაჰყავხარ. ზოგჯერ, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ სუპერგმირი გახდი.

რა ვისწავლე

ყოველთვის შეიძლება რადიკალურად შეცვალო შენი ცხოვრებაძალიან ბევრი ფილმი და წიგნი არსებობს ადამიანებზე, რომლებიც რისკიან გადაწყვეტილებებს იღებენ და უდიდეს ცხოვრებისეულ თავგადასავლებში ეშვებიან ხოლმე. ხშირად გვგონია, რომ ეს მხოლოდ ფილმებში ხდება და ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს მოხდება. არადა, ძალიან რეალურია, რომ ერთ დღეს რადიკალურად შეცვალო შენი ცხოვრების სტილი. მთავარია, გადაწყვეტილებების მიღება შეძლო და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორი განაწილება4 წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ მედიტაციას დღეში მინიმუმ 1.5 სთ-ს დავუთმობდი, ამას ვერასდროს დავიჯერებდი. ამისთვის ხომ არავის სცალია. სინამდვილეში კი, დღის განმავლობაში 1.5 და ხშირად 5 საათსაც კი სრულიად უსარგებლოდ ვფლანგავთ. თუ საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას დააპრიორიტეტებ, აუცილებლად მოახერხებ 1.5 სთ-ით (დასაწყისისთვის 15 წუთიც საკმარისია) ადრე ადგომას და დილის პრაქტიკების კეთებას.

მენტალურ კეთილდღეობასაც ჭირდება ინვესტიციის ჩადება – განათლება, კარიერა, კომფორტი და ა.შ. არ არის ერთადერთი, რასაც ინვესტიციის ჩადება სჭირდება. ინვესტიციის ჩადება პირველ რიგში ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ესაჭიროება, რაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე. ეს ინვესტიცია შეიძლება იყოს: დრო, ენერგია, ფული და ა.შ.

ყოველდღიური პრაქტიკა აუცილებელია – ძალიან კარგია სხვადასხვა წიგნის წაკითხვა და გამოცდილების მიღება. ეს მართლაც აღგაფრთოვანებთ, შეიძლება იფიქროთ, რომ შეიცვალეთ და მთელი სამყაროს შეცვლაც კი შეგიძლიათ. თუმცა, ამ გამოცდილებას და ამაღლებულ მდგომარეობას შენარჩუნება სჭირდება. ამის მოხერხება კი – მხოლოდ ყოველდღიური პრაქტიკით არის შესაძლებელი.

ნამდვილი თავისუფლება არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია – ხშირად ვფიქრობთ, რომ თუ საკუთარ თავს რამეში შევზღუდავთ, ეს თავისუფლების წართმევას ნიშნავს. მაგალითად, „რატომ არ უნდა მოვწიო სიგარეტი, მე ხომ ეს მინდა, ესაა თავისუფლება!“ სინამდვილეში, თავისუფლება არის ის, როდესაც შეგიძლია გაცნობიერებული არჩევანი გააკეთო და არ იმოქმედო კომპულსურად.

შენი თავი შენი საუკეთესო კომპანიონია – ადამიანებს გვეშინია მარტო დარჩენის. თითქოს, გვასევდიანებს იმაზე ფიქრი, რომ ყველა ადამიანი სინამდვილეში მარტოა. ამაში სევდიანი არაფერია, ეს რეალობაა, რომელიც უნდა მივიღოთ და ვისწავლოთ ამ მდგომარეობით ტკბობა. სინამდვილეში, ცხოვრებაში არავინ და არანაირი გარეშე ფაქტორი არ გვჭირდება იმისთვის, რომ ექსტაზამდე ბედნიერები ვიყოთ.

ბედნიერება სულის ბუნებრივი მდგომარეობაა – თანამედროვე ცხოვრების სწრაფ ტემპს, სხვებთან დაუსრულებელ შეჯიბრის და მომხვეჭელობას მუდმივი უკმაყოფილების განცდამდე მიჰყავს ადამიანები. ადამიანებს დაგვავიწყდა, რომ შეიძლება უბრალოდ დავსხდეთ, არსად ვიჩქაროთ, ვისუნთქოთ და ისეთი დეტალებით დავტკბეთ, როგორებიცაა: მზის ამოსვლა, გაბუჩქული ხეების ყურება, ჩიტების გალობა და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი სულის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც დავკარგეთ თავს მოხვეული სტერეოტიპების და წარმოსახვითი პრობლემების გამო. პარადოქსია, მაგრამ იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, სინამდვილეში, კი არ უნდა “ვაგროვოთ რაც შეიძლება მეტი”, არამედ პირიქით – “გავუშვათ რაც შეიძლება მეტი“, გავთავისუფლდეთ და დავუბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას – ბედნიერებას.

ავტორი: ლიკა აბლოთია