Night mode

მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება და მასთან დაკავშირებული პრობლემები
ფონტის ზომა

დღეს მობილური ტელეფონების გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. სმარტფონი არამხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებაა, არამედ რამდენიმე სხვა ნივთის ფუნქციასაც ასრულებს და ყოველდღიურ ცხოვრებას გვიმარტივებს. ამიტომ, ტელეფონები სულ თან დაგვაქვს, რის გამოც ადვილია მათზე დამოკიდებულები გავხდეთ. ამას კი მთელი რიგი პრობლემები შეიძლება მოჰყვეს.

მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვიძლია სამ კატეგორიად დავყოთ: ფიზიკური, ფსიქოლოგიური და პროდუქტიული. მათი ცოდნა დაგეხმარებათ გააცნობიეროთ პრობლემა და გათავისუფლდეთ დამოკიდებულებისაგან.

ფიზიკური

მობილური ტელეფონის ხშირად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დისკომფორტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ისეთი დაზიანებები, რომელთა მკურნალობაც რთული და ხანგრძლივი პროცესია.

თვალების დაძაბულობა: 2 და მეტი საათის განმავლობაში ციფრული ეკრანის ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის გადაღლა, წვა, ქავილი, ბუნდოვანი ხედვა და თავის ტკივილი.
კისრის პრობლემები: ე.წ “text neck”- კისრის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია მობილური ტელეფონის ხანგრძლივი ყურებით.
ზურგის ტკივილი: მობილურ ტელეფონში ყურებისას ხშირად მხრებში მოხრილები ვართ, რაც ზურგის ტკივილს იწვევს. თუ ეს ჩვევად გადაიქცა შესაძლოა ხერხემლის გამრუდებაც გამოიწვიოს.

ფსიქოლოგიური:

სმარტფონებზე დამოკიდებულება არც ჩვენი ფსიქიკისთვისაა კარგი. ამას შეუძლია გამოიწვიოს ძილის დარღვევა, შფოთვა და უგუნებობა.

ძილის დარღვევა – მობილურის ხანგრძლივი გამოყენება დაკავშირებულია ძილის დარღვევებთან და მუდმივი დაღლილობის გრძნობასთან. ძილის წინ მისი გამოყენება ახანგრძლივებს ჩაძინების დროს და ზრდის უძილობის ალბათობას.
იზოლაცია – სმარტფონის ხშირად და ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი იზოლაცია და ცხოვრების სხვა ასპექტების უგულებელყოფა, მაგალითად რეალური ურთიერთობების, ჰობისა თუ სოციალური საქმიანობების.
უარყოფითი განცდები – მობილური ტელეფონების გამოყენებისას ყველაზე დიდ დროს სოციალურ ქსელებში ვატარებთ. ამ პლატფორმებზე ყოფნისას ხშირად ძალაუნებურად ვადარებთ ჩვენს ცხოვრებას სხვებისას, რაც თავს ცუდად გვაგრძნობინებს. კვლევის თანახმად სტუდენტები, რომლებიც ხანგრძლივად იყენებენ სმარტფონებს შფოთვის მაღალი დონით გამოირჩევიან.

პროდუქტიულობა

სმარტფონებზე დამოკიდებულება ამცირებს ჩვენს პროდუქტიულობას. გარდა იმისა, რომ ჩვენ დიდ დროს ვხარჯავთ სმარტფონებზე, ასევე განვიცდით ინფორმაციულ გადატვირთვას. ძალაუნებურად ვიღებთ ბევრ უსარგებლო და ნეგატიურ ინფორმაციას. მობილურის კომპულსური გამოყენება გვაიძულებს ვნახოთ ვიდეოები, შევიდეთ სხვადასხვა საიტზე, ვითამაშოთ თამაშები და სხვა. ეს იწვევს ინფორმაციულ გადატვირთვას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებასა და პროდუქტიულობის შემცირებას.

როგორ ვებრძოლოთ ტელეფონზე დამოკიდებულებას

● გამოურთეთ აპლიკაციებს ნოტიფიკაციები. შეტყობინების მიღების ფუნქცია დაუტოვეთ მხოლოდ იმ აპლიკაციებს, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ.
● გადაიტანეთ აპლიკაციები საწყისი ეკრანიდან (home screen). ასე ისინი ნაკლებად მოგხვდებათ თვალში და შესაბამისად, ნაკლებად გამოიყენებთ.
● დააწესეთ, რომ არ გამოიყენებთ მობილურ ტელეფონს ოჯახში სადილის დროს, ასევე მეგობრებთან შეხვედრისას.
● მუშაობისას გადაიყვანეთ მობილური airplane mode-ზე და დადეთ სხვა ოთახში. ეს დაგეხმარებათ ბოლომდე ჩაეფლოთ საქმეში.
● ძილის წინ მობილური დატოვეთ საძინებელი ოთახის გარეთ, გასაღვიძებლად კი ჩვეულებრივი მაღვიძარა გამოიყენეთ.

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ მობილურზე დამოკიდებულებისაგან. სმარტფონების მოხმარების დროის შემცირება დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ბოლომდე დატკბეთ მომენტით, გქონდეთ უკეთესი სოციალური ურთიერთობები და გაზარდოთ ცხოვრების ხარისხი.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი