Night mode

მარტივი ცვლილებები ყოველდღიურობაში, რომელიც უფრო ეკომეგობრულს გაგხდით

მარტივი ცვლილებები ყოველდღიურობაში, რომელიც უფრო ეკომეგობრულს გაგხდით
ფონტის ზომა

“თუკი არ მოგწონს სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, შეცვალე ის.. თითო ნაბიჯით.”

– Marian Wright Edelman

ისე, როგორც არასდროს, დღეს ძალიან აქტუალურია გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები – გლობალური რისკები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კაცობრიობის ქმედებებითაა გამოწვეული. დედამიწაზე ზრუნვა და ეკომეგობრულად ცხოვრება არასდროსაა გვიან – ასე ჩვენს პლანეტას დიდი ოდენობით რესურსების დაზოგვაში დავეხმარებით.

როგორ გავხადოთ ყოველდღიურობა უფრო ეკომეგობრული?

სასურველია, თუ ნაკლებ ქაღალდს გამოიყენებთ

ძალიან ხშირად ქაღალდს ყოველგვარი საჭიროების გარეშე ვიყენებთ. მაგალითად, ერთი სიტყვის დაწერის გამო მთელ ქაღალდს ვაფუჭებთ და შემდეგ ვაგდებთ. ხანდახან სულაც ბლოკნოტს ვიცვლით მიუხედავად იმისა, რომ წინა ბლოკნოტი არც კი გავავსეთ. ბლოკნოტებისა და რვეულების დასამზადებლად უამრავი ხე იჭრება, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლები ქაღალდი მოვიხმაროთ ან სულაც გადამუშავებულ ქაღალდს მივანიჭოთ უპირატესობა. 

შეეცადეთ, გაამწვანოთ გარემო, რომელშიც იმყოფებით 

მცენარის სივრცეში შეტანით აჯანსაღებთ გარემოს, რომელში ყოფნაც ხშირად გიწევთ. ცნობილი ფაქტია, რომ მცენარეები ჰაერს ფილტრავენ – სწორედ ამიტომაა საჭირო, რაც შეიძლება, მეტი მცენარით იყოთ გარემოცული. გარდა ამისა, ისინი აუმჯობესებენ დიზაინს და დადებითად მოქმედებენ განწყობაზეც. 

ეცადეთ, შეამციროთ ელექტრო ენერგიის გამოყენება 

ხშირად ხდება ხოლმე – ოთახიდან ისე გამოვდივართ, შუქს ჩართულს ვტოვებთ, ხანდახან კი დამტენი გვრჩება დენცქვიტაში შეერთებული. ნებისმიერი ჩართული და დენის წყაროზე მიერთებული მოწყობილობა ენერგიას ხარჯავს. ამიტომაც, სასურველია, ენერგიის დამზოგველი კულტურა ჩამოიყალიბოთ, რითიც დედამიწას რესურსის დაზოგვაში დაეხმარებით. 

შეეცადეთ, ნაკლები ხორცით იკვებოთ

ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში გამონაბოლქვის დიდი ნაწილი ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოებასა და მომზადებაზე მოდის. სწორედ ამ მიზეზით ბევრი ვეგანი ან ვეგეტარიანელი ხდება, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მსგავსი რადიკალური ცვლილების გარეშეც და უბრალოდ თქვენს რაციონში ხორცის შემცირებით საკმაოდ არგებთ დედამიწას.

 კარგი იქნება, თუკი მარტივად გადამუშავებად სამოსს მიანიჭებთ უპირატესობას

სწრაფი მოდა დღესდღეობით საკმაოდ დიდ და ცუდ გავლენას ახდენს გარემოზე. ამგვარი სამოსი გარემოსთვის საზიანო ნივთიერებებს (მაგალითად: პოლიესტერი) შეიცავს, მათ დასაშლელად კი დაახლოებით 200 წელია საჭირო. 

ეცადეთ, შეიძინოთ სამოსი იმ ბრენდებისგან, რომლებიც ნატურალურ პროდუქციას ამზადებენ. უკეთეს შემთხვევაში კი, შეიძინეთ მეორადი სამოსი. 

ეცადეთ, ნაკლებად გადაადგილდეთ საკუთარი მანქანით

თითოეული მანქანის გამონაბოლქვი ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას. სწორედ ამიტომ, უნდა ეცადოთ, ნაკლებად მოიხმაროთ საკუთარი მანქანა – იარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როცა ეს შესაძლებელი იქნება. თუკი ახლომდებარე ადგილზე მიდიხართ, ფეხით ან ველოსიპედით წადით – ეს ხომ გარემოსთვისაც სასარგებლოა და თქვენთვისაც. 

სასურველია, გამოიყენოთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთები

აბა დაფიქრდით, თუნდაც მხოლოდ ზაფხულში, დღის განმავლობაში რამდენჯერ ყიდულობთ მცირე ზომის ბოთლებით წყალს? ხშირად დღის განმავლობაში იმდენჯერ ვიყენებთ პლასტმასას ნივთებს, რომ ამას ვერც ვაცნობიერებთ. ამისგან თავის ასარიდებლად, გამოიყენეთ მრავალჯერადი მოხმარების ნივთები, მაგალითად, როგორებიცაა: ბოთლები, კონტეინერები, მეტალის/ბამბუკის საწრუპები..

სანამ ნივთს ნაგავში გადაუძახებთ, კარგად დაფიქრდით

სანამ ნივთს ნაგავში გადააგდებთ, კარგად დაფიქრდით – იქნებ მისი გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება? თუკი ფუნქციას ვერ ასრულებს, სხვა დატვირთვა შესძინეთ, ხოლო თუკი უბრალოდ აღარ მოგწონთ იმაზე იფიქრეთ – იქნებ სხვას გამოადგეს? რატომ უნდა შემატოთ პლანეტას კიდევ ერთი ნარჩენი, თუკი ის ჯერ კიდევ გამოსადეგია?

ერთჯერადი გამოყენებისას ნუ შეიძენთ – ითხოვეთ

ხშირად ხდება ხოლმე – როცა ნივთი ერთჯერადად გვჭირდება, ვყიდულობთ, მაშინ, როცა უბრალოდ შეგვიძლია ის სხვისგან ვითხოვოთ. ყოველი ახალი შეძენილი ნივთი კიდევ ერთი სამომავლო ნარჩენია. ამიტომაც, სანამ შეძენას გადაწყვეტთ, დაფიქრდით – იქნებ შეძლოთ ვინმესგან თხოვება?

ეცადეთ, თავიდან აირიდოთ პლასტმასის/პოლიეთილენის შეფუთვა

ხშირად ხდება, რომ მოლარეები უთქმელად გვაძლევენ პოლიეთილენის პარკებს. ამიტომაც, ჩვევად გაიხადეთ, რომ ნებისმიერი ნივთის შეძენისას მოლარე-კონსულტანტებს დროულად უთხრათ, რომ არ გჭირდებათ მსგავსი შეფუთვა. უფრო ეფექტური იქნება, თუკი მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტთა ჩანთებს მოიხმართ და მასში ჩაალაგებთ ხოლმე შენაძენებს. 

რაც შეეხება ონლაინ შეძენას – აქაც შეგიძლიათ, შეძენისას, კომენტარის ველში მიუთითოთ, რომ პოლიეთილენის შეფუთვა არ გსურთ. ამგვარად, თავიდან აირიდებთ კიდევ ერთ, ისეთ ნარჩენს, რომლის დასაშლელად დედამიწას მილიონობით წელი სჭირდება. 

სასურველია, შეიძინოთ მეორადი

საკმაოდ ბევრი ნივთი არსებობს, რომლებიც სრულიად გამოსადეგია, თუმცა კი მფლობელს ის არ სჭირდება. ამიტომაც, როდესაც რაიმე ნივთის (იქნება ეს ტექნიკა, ავეჯი, დეკორატიული ნივთი, სამოსი) შეძენას გადაწყვეტთ, ჯერ მოიძიეთ – იქნებ მეორადი ვერსია ნახოთ მისი. 

კარგი იქნება, თუკი უპირატესობას გადამუშავებულ (recycled) პროდუქტს მიანიჭებთ

საბედნიეროდ, დღეს უკვე უამრავი მაღაზია არსებობს, სადაც გადამუშავებული პროდუქტების შეძენას შეძლებთ. საქართველოში ეს ყველაზე მეტად ქაღალდს ეხება. ბევრგან ნახავთ გადამუშავებულ ბლოკნოტებს, კალენდრებს, შესაფუთ ქაღალდებს. ამიტომაც, როცა მსგავსი ტიპის ნივთები დაგჭირდებათ, ყურადღება გადამუშავებულზე გაამახვილეთ. 

არ არის აუცილებელი, ყველა მსგავსი ნაბიჯი ერთად გადადგათ და ხვალიდან რადიკალურად ეკომეგობრული ცხოვრება დაიწყოთ. თუნდაც ეტაპობრივად თითო პუნქტის გათვალისწინებით აუცილებლად არგებთ პლანეტას და, ამავდროულად, საკუთარ თავსაც, რადგან ეს ნაბიჯები ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც და ფინანსებისთვისაც სასარგებლოა. 

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე