Night mode

არაჯანსაღი კომუნიკაციის ოთხი ფორმა, რომლებიც თქვენს პირად ურთიერთობას დაანგრევს

არაჯანსაღი კომუნიკაციის ოთხი ფორმა, რომლებიც თქვენს პირად ურთიერთობას დაანგრევს
ფონტის ზომა

ჯონ გოტმანი ურთიერთობების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარია, რომელიც 97%-იანი სიზუსტით წინასწარმეტყველებს, წყვილი დაშორდება თუ არა. მრავალწლიანი კვლევების შემდეგ მან დაადგინა, რომ ურთიერთობებს, ძირითად შემთხვევებში, 4 რამ უმხედრდება ხოლმე, ესენია: კრიტიკა, აგდებული დამოკიდებულება, თავის მართლება და გულგრილობა. 

4 მხედარი მეტაფორაა, რომელიც ახალ აღთქმაში სამყაროს დასასრულს გულისხმობს. ისინი აღწერენ დაპყრობას, ომს, შიმშილსა და სიკვდილს. სწორედ ამ მეტაფორას იყენებენ ფსიქოლოგიაში კომუნიკაციის სტილის აღსაწერად. 

ამიტომაც,  ურთიერთობის დროს საჭიროა იმ “ოთხი მხედრის” ამოცნობა, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაშიც, პარტნიორთან ჯანსაღ კომუნიკაციას დავამყარებთ.

მოდით მივყვეთ ამ ოთხ არაჯანსაღ კომუნიკაციის სტილს:

1. კრიტიკა

როდესაც პარტნიორთან გვაქვს პრეტენზია ან საჩივარი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ფორმით გადმოვცემთ. როდესაც ეს ხდება კრიტიკის სახით, ხშირად კონკრეტული პრობლემის გასაჩივრების ნაცვლად თავს ვესხმით პარტნიორის პიროვნებას, ხასიათს და უსაფუძვლოდ ვანზოგადობთ მოვლენებს. 

მაგალითად: “სულ აგვიანებ და არასდროს არ გაინტერესებს, როგორი ნერვების მომშლელია მუდმივი ლოდინი.”

როდესაც პარტნიორს რეგულარულად და მძაფრად ვაკრიტიკებთ, ეს უარყოფითად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე, თავდაჯერებულობასა და ჩვენდამი დამოკიდებულებაზე, რაც, დროთა განმავლობაში, ურთიერთობის დადებით ემოციებს უარყოფითით ჩაანაცვლებს.. 

ანტიდოტი: კრიტიკის ანტიდოტია საკუთარი ფიქრებისა და ემოციების სწორი ფორმით გადმოცემა “მე” ფრაზების გამოყენებით. მოერიდეთ განზოგადოებულ ფრაზებს და სიტყვებს როგორიც არის “სულ” და “არასდროს.” ეცადეთ ილაპარაკოთ იმ კონკრეტულ შემთხვევაზე. ვუთხრათ  კონკრეტულად თუ რომელმა საქციელმა/სიტყვებმა როგორ იმოქმედა თქვენზე და ასევე, სასურველია შესთავაზოთ ალტერნატივა . მაგალითად:

საჩივარი შეიძლება ჟღერდეს ამგვარად: “ერთი კვირაა ვგეგმავთ ერთად სადმე წასვლას. რომ დააგვიანე და არ მითხარი, შეგრძნება დამრჩა, თითქოს შენთვის ერთად გატარებული დრო არც ისეთი მნიშვნელოვანია. ეს კი ჩემთვის ძალიან საწყენია. შეგიძლია სამომავლოდ დამირეკო და მითხრა რომ აგვიანებ?”

2. აგდებული დამოკიდებულება

ე.წ მეორე “მხედარი” აგდებული დამოკიდებულებაა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ უპატივცემლობას, სარკაზმს, ცინიკურობას, დავცინით, ვიგდებთ მასხრად და ამას მხოლოდ სიტყვიერად კი არა შესაძლოა ჟესტიკულაციებითაც გამოვხატავდეთ. ამგვარი დამოკიდებულების მიზანია,მეორე ადამიანსთავი უღირსად და დამცირებულად ვაგრძნობინოთ. ასეთი კომუნიკაციის დროს მთავარი გზავნილია: “მე შენზე უკეთესი ვარ.”

დაცინვა/აგდება ურთიერთობაში ზიზღზე უარესია. თუ კრიტიკა თქვენი პარტნიორის ხასიათზე მოქმედებს, დაცინვა მათზე ზნეობრივი უპირატესობის დამყარებას ემსახურება, რაც თვითშეფასების სრულიად განადგურებას იწვევს.

აგდებული დამოკიდებულების მაგალითია: “შენნაირი უსაქმური და უვარგისი კი არ ვარ, მთელი დღე ტახტზე რომ გავატარო. შენგან განსხვავებით, ვმუშაობ და ამ ოჯახისთვის რაღაცას ვაკეთებ.”

კვლევებმა აჩვენა, რომ წყვილები, რომლებსაც ერთმანეთისადმი მსგავსი დამოკიდებულებები აქვთ, უფრო მეტად ავადდებიან სხვადასხვა ინფექციებით (იქნება ეს გაციება, ვირუსი თუ სხვა). ეს კი იმიტომ ხდება, რომ  ჩვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ის სტრესი, რასაც განვიცდით პარტნიორის მხრიდან, არა მხოლოდ ჩვენს ემოციებსა და განწყობაზე, არამედ ჩვენს იმუნიტეტზეც უარყოფითად მოქმედებს… 

ანტიდოტი: აგდებული დამოკიდებულების მეორე ბოლოშია ურთიერთპატივისცემა, რომლის გარეშეც ზოგადად შეუძლებელია ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება. თუკი გაბრაზებულზე ან ნაწყენზე მსგავსად რეაგირება გჩვევიათ, პირველ ეტაპზე ეცადეთ, გაიაზროთ და დააკვირდეთ როდის და რა ვითარებაში იწყებთ პარტნიორთან აგდებულ საუბარს. ისწავლოთ გაჩერება და ბოდიშის მოხდა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ასევე, კარგი იქნება, სანამ რამე საწყენს იტყვით, წარმოიდგინოთ, რა რეაქცია გექნებოდათ იგივე სიტყვები თქვენთვის რომ ეთქვათ? 

 

3. თავის მართლება

მესამე მხედარი თავის მართლებაა და ხანდახან ის ერთგვარი პასუხია კრიტიკაზე. ის ჩნდება მაშინ, როდესაც თავს მსხვერპლად ვგრძნობთ ან არ გვინდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ საქციელზე. ასეთ დროს, ხდება თავის მართლება ან ნათქვამის შებრუნება, რათა კრიტიკის ავტორმა უკან დაიხიოს. 

სამწუხაროდ, ეს სტრატეგია წარმატებული არასდროსაა. ჩვენი ამგვარი რეაქციით ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით, რომ მათ აზრებს სერიოზულად არ ვიღებთ და არ ვგრძნობთ თავს პასუხისმგებლად ჩვენს შეცდომებზე:

კითხვა: “რომ გთხოვე ნიკუშასთან დარეკვა, დაურეკე?”

თავდაცვითი პასუხი: “აუუ დაიწყო ეხლა… შეიძლება სულ რაღაცაზე შენიშვნას მაძლევდე? შენ თვითონ ვერ დაურეკავდი? “

თავდაცვა ბუნებრივი რეაქციაა, როდესაც თავს დასტრესილად გრძნობთ ან ფიქრობთ, რომ უმიზეზოდ დაგადანაშაულეს, თუმცა ამ სტრატეგიას სასურველი შედეგი მაინც არ მოაქვს. თავდაცვა მხოლოდ სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს, თუკი თქვენი პარტნიორი უკან დახევას არ აპირებს.

ანტიდოტი: იმის მიუხედავად, რომ თავის მართლება კრიტიკის დროსშეიძლება ბუნებრივ რეაქციად ჩავთვალოთ, თუ მართლა შეგვეშალა, სასურველია ვისწავლოთ მოსმენა, პარტნიორის აზრის გათვალისწინება, შეცდომის შემთხვევაში ბოდიშის მოხდა, პასუხისმგებლობის აღება. ხოლო თუ ვთვლით, რომ უსამართლოდ გვადანაშაულებენ, ამის ისე გამოხატვა, რომ კამათი არ გაამწვავოს. 

მაგალთად: “მესმის, რომ ნაწყენი ხარ და შენი წყენინება არ მინდოდა. უბრალოდ დღეს დილით ვერ დაგირეკე იმიტომ, რომ …”

“უი, დამავიწყდა. დღეს დილით უნდა მეკითხა, შენ თუ შეძლებდი დარეკვას, რადგანაც ვიცოდი ძალიან გადატვირთული გრაფიკი მექნებოდა. ჩემი ბრალია. დავურეკავ ახლავე.”

4. გულგრილობა

მეოთხე “მხედარს” გულგრილობა წარმოადგენს. გულგრილობა გამოიხატება სიტუაციიდან გარიდებით, სიჩუმით, იგნორით ან სულაც შუა კამათში წასვლით. ასეთ დროს, ადამიანმა შეიძლება იმგვარადაც მოაჩვენოს თავი საკუთარ პარტნიორს, თითქოს დაკავებული, ან რაიმე სხვაზეა გადართული.

ზემოხსენებული სამი “მხედარი” საკმაოდ ხშირად უნდა ვლინდებოდეს ურთიერთობაში იმისთვის, რომ საბოლოოდ პარტნიორის მხრიდან გულგრილობა გამოიწვიოს. როდესაც ერთი ან ორივე პარტნიორი გულგრილობას ამჟღავნებს, ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებულად დამძიმებულია ურთიერთობა. Გულგრილობა ხშირად იმის ნიშანია, რომ ვკარგავთ ბრძოლის უნარიანობას და იმედს, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვლება.

ანტიდოტი: თუკი გრძნობთ, რომ თქვენი გული ქვას ემსგავსება, სთხოვეთ პარტნიორს, ცოტა ხნით შეწყვიტოს დავა/დისკუსია და შესვენების უფლება მოგცეთ:

მაგალითად: “ახლა ძალიან გაბრაზებული/ნაწყენი ვარ და არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. გთხოვ, შევისვენოთ და მოგვიანებით დავუბრუნდეთ ამ საკითხს.”

შემდგომი 20 წუთი კი იმ საქმიანობას დაუთმეთ, რომელიც დაგაწყნარებთ – იქნება ეს ჟურნალის/წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა თუ გასეირნება.

 თქვენს პარტნიორთან კონფლიქტურ სიტუაციებში ამ ოთხი ელემენტის ამოცნობა და გაცნობიერება ხელს შეგიწყობთ, აღმოფხვრათ ისინი. თუმცა, მათი ცოდნა საკმარისი არაა მათსავე გასანადგურებლად. აუცილებელია, ეს არაჯანსაღი კომუნიკაციის გზები დადებითით ჩაანაცვლოთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ურთიერთპატივისცემა და სწორი კომუნიკაცია ჯანსაღი ურთიერთობის ჩაუნაცვლებელი კომპონენტებია და ისიც, რომ როდესაც ერთმანეთს ვებრძვით, საბოლოოდ ორივე მხარე ვაგებთ.

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე