Night mode

კარიერული ზრდისთვის საჭირო 9 ჩვევა

კარიერული ზრდისთვის საჭირო 9 ჩვევა
ფონტის ზომა

ყველას გვაქვს სამსახურთან დაკავშირებული უნიკალური ჩვევები, რომლებიც  სხვებთან მუშაობის პროცესზე და ჩვენს კარიერაზე გავლენას ახდენენ. ასევე, არსებობს ჩვევები, რომელთა გამომუშავებაც წინსვლაში შეგვიწყობს ხელს. 

1. გადახედეთ ღირებულებებს

პირველ რიგში, განსაზღვრეთ რა ღირებულებები გაგაჩნიათ. გაიაზრეთ, ვინ ხართ, რა გინდათ და რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ოჯახი? ფული? იქნებ, ესთეტიკა ან რაიმე განსაკუთრებულის შექმნა? დარწმუნდით, რომ თქვენი კარიერული გზა და ღირებულებები თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან.

ჩვევად აქციეთ თქვენი ღირებულებების გადახედვა და ძირითად საქმიანობებთან შედარება. გაიხსენეთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რამდენად შეესაბამება ყოველდღიური საქმე თქვენს ფასეულობებს. 

2. შექმენით პიროვნული ბრენდი

რას ფიქრობენ ადამიანები, როდესაც თქვენი სახელი ესმით? წარმოიდგინეთ, რომ ისევე, როგორც ნებისმიერი კომპანია, თქვენც რომელიმე ბრენდი ხართ, რომლის ხსენებაზეც სხვებს შესაბამისი ასოციაციები უჩნდებათ. თქვენი აზრით, როგორს გხედავენ? როგორი გინდათ, რომ გამოჩნდეთ? რომელ ორგანიზაციებსა და ადამიანებს გსურთ უკავშირდებოდეთ?

ამის მიხედვით გამართეთ სოციალური ქსელები Linkedin, Facebook, Twitter და ა.შ. მაგალითად, თუ თქვენ გარემოს დაცვით სფეროში ხართ, თქვენი ონლაინ ქცევებით სხვებს შეგიძლიათ შეახსენოთ, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია გლობალური დათბობის თემა ან ჰაერის დაბინძურების პრობლემა.

3. დაუთმეთ დრო ადამიანებთან კომუნიკაციას

ხშირად, სხვადასხვა კომპანიასთან საქმიანი თანამშრომლობა შესაბამის სფეროში მყოფ ადამიანებთან ურთიერთობით იწყება. ტალანტების პოვნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ნაცნობ პროფესიონალებში რელევანტური კონტაქტების მოძიებაა.

ტექნოლოგიებმა პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის დამყარება ბევრად მარტივი გახადა. დაუმეგობრდით და ინტერნეტ სივრცეშიც შეინარჩუნეთ კონტაქტები.

4. მუდმივად განაახლეთ რეზიუმე/პორტფოლიო

არ აქვს მნიშვნელობა, ამ წუთას დასაქმებული ხართ თუ არა. სასურველია, რეზიუმე/პორტფოლიო ყოველთვის განახლებული გქონდეთ და მზად იყოთ მომენტისთვის, როცა კარიერისთვის რაიმე განსაკუთრებული შესაძლებლობა გამოჩნდება.

5. ისწავლეთ თვითრეფლექსია

ჩვევად ჩამოიყალიბეთ ყოველი კვირის შეჯამება და საკუთარ თავზე დაკვირვება. გადახედეთ გასულ კვირას და შეაფასეთ, რამ იმუშავა, რამ არ იმუშავა, რა შეიძლება შეცვალოთ.

6. განაგრძეთ განათლება

განათლება უწყვეტი პროცესია ნებისმიერი სფეროს პროფესიონალისთვის. ამიტომ, თქვენს თავს ყოველთვის ჰკითხეთ, რა, სად, როდის, როგორ შეიძლება ისწავლოთ იმისთვის, რომ თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამორჩეთ.

7. პოზიტიურად მიიღეთ კრიტიკა

შეხედეთ კრიტიკას, როგორც საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის ჩამოყალიბების ინსტრუმენტს. როდესაც ვხედავთ, რა უნდა გავაუმჯობესოთ, საშუალება გვეძლევა, რომ უკეთესები გავხდეთ.

ხშირად, კრიტიკის დროს, ადამიანებს ნამდვილად კეთილი განზრახვები ამოძრავებთ. მაგალითად, უფროსმა შეიძლება იმიტომ გაგაკრიტიკოთ, რომ სურს თქვენს წარმატებას ხელი შეუწყოს და არა იმიტომ, რომ არ მოწონხართ.

8. გაიზიარეთ სხვების გამოცდილება

რამდენად ნიჭიერი და წარმატებულიც არ უნდა იყოთ, მაინც შეიძლება რამე არ იცოდეთ ან როდესმე შეცდომა დაუშვათ. ამიტომ, ეცადეთ სხვებს ხშირად მოუსმინოთ და მათი გამოცდილება გაიზიაროთ.

9. იმუშავეთ ენერგიის მართვაზე

წინასწარ ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. ყოველთვის იმ საქმით დაიწყეთ, რომლის გაკეთებაც ნაკლებად გეხალისებათ და თან, აუცილებელია. დღის ბოლოსკენ ნაკლები ენერგია გვრჩება, ამიტომ ამ დროისთვის შედარებით მარტივი და სასიამოვნო საქმეები მოიტოვეთ.

ყველა ადამიანის კარიერული გზა ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორის, იღბალზეც. თუმცა, იმ ჩვევების გამომუშავება, რომლებმაც შესაძლოა წარმატება მოგვიტანოს – არასდროს არ არის ზედმეტი.

 

 

ავტორი : ნინი დარსაძე