Night mode

როგორ შევარჩიოთ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი მათი სიყვარულის ენაზე დაყრდნობით

როგორ შევარჩიოთ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი მათი სიყვარულის ენაზე დაყრდნობით
ფონტის ზომა

ცოტა ხნის წინ გარი ჩაპმანისეულ კონცეფციაზე – სიყვარულის 5 ენაზე გიამბეთ, რომელიც კარგად ხსნის ინდივიდების მიერ სიყვარულის აღქმის 5 ძირითად “ენას”. აღნიშნული 5 ენა ყველა ურთიერთობაში გვხვდება, მაგრამ, როგორც წესი, მათგან ერთი დომინანტია ხოლმე თითოეულ ჩვენგანში.

თუკი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ, შეგიძლიათ ის თქვენი ურთიერთობის სიყვარულის ენაზე დაყრდნობით შეარჩიოთ.

ამ სტატიაში სწორედ ამ პრინციპით შერჩეულ საჩუქრებს შემოგთავაზებთ, მაშ ასე:

ვერბალური გამოხატულება (Words of Affirmation)

თუკი თქვენი პარტნიორი ყველაზე მეტად სიყვარულის ამ ენით “მეტყველებს”, მაშინ მას ძალიან უხარია კომპლიმენტები, სასიამოვნო სიტყვები, შეტყობინებები, წერილები და სხვა, სიტყვებით გამოხატული, სასიამოვნო აღწერებით გაფორმებული საჩუქრები. ამგვარ ადამიანებს ყველაზე მეტად იმის მოსმენა მოსწონთ, თუ რა განცდები გაკავშირებთ მათთან.

საჩუქრის იდეები:

• ხელნაწერი, გრძელი წერილი, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ რა გიყვართ თქვენს პარტნიორში;
• სიმღერების მიქსი ან ფლეილისტი, რომელიც მას გახსენებთ;
• ბლოკნოტი, რომლის ყდაზეც სპეციალურად მისთვის გაკეთებული წარწერაა;
• თქვენ მიერ წაკითხული წიგნი, რომლის ფურცლებს შორის თქვენ მიერვე გაკეთებული ჩანაწერებია;
• რაიმე ნივთი, რომელიც მათ თვისებას უსვამს ხაზს (მაგალითად: წარწერიანი მაისური).

ქცევით გამოხატული მზრუნველობა (Acts of Service)

ამგვარი სიყვარულის ენის მქონე ადამიანებს პარტნიორისგან ქმედებებით გამოხატული შეგრძნებები მოსწონთ (იქნება ეს გააზრებული, სასიამოვნო ჟესტები თუ დახმარების ხელის გაწოდება). თუკი ამგვარი პარტნიორი გყავთ, ეცადეთ, ისეთი რამ აჩუქოთ, რაც მას ცხოვრებას გაუადვილებს.

საჩუქრის იდეები:

• მათ მიერ განსახორციელებელი გეგმებიდან შეარჩიეთ ერთ-ერთი და თავად განახორციელეთ იგი;
• ნივთი, რომელიც მის ყოველდღიურობას გაამარტივებს, მაგალითად: ყავის მადუღარა, ჭკვიანი საათი, რობოტი მტვერსასრუტი (Rumba), პორტატული დამტენი თუ სხვა.
• რაიმე, რაც გრძელვადიან პერიოდში შეუწყობს ხელს მის კეთილდღეობას – მაგალითად, საცურაო აუზის ან სავარჯიშო დარბაზის აბონიმენტი.
• საჩუქარი, რომელიც მას ძილის გაუმჯობესებაში დაეხმარება – მაგ: მცენარეული ჩაი, მცენარე, რომელიც დამშვიდებასა და დაძინებას უწყობს ხელს, ჩაწერილი ბუნების ხმების ფლეილისტი და სხვ.

ხარისხიანი დრო (Quality Time)

ადამიანებისთვის, რომელთა სიყვარულის ენაც ხარისხიანი დროა, დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორის მხრიდან დროის დათმობასა და ყურადღების მიქცევას. თუკი ასეთი ადამიანი გყავთ გვერდით, მას ნებისმიერი ისეთი საჩუქარი გაუხარდება, რომელიც თქვენ ორის ერთად გასატარებელ დროს მოიაზრებს.

საჩუქრის იდეები:

• წინასწარ დაგეგმილი დასვენება ქალაქგარეთ;
• “მოგონებების წიგნი”, რომელიც თქვენ მიერ ერთად გატარებული დროის ფოტოებს მოიცავს და რომელსაც წარწერებს გაუკეთებთ;
• რადგანაც ღონისძიებებზე დროებით ვერ წახვალთ, წაიყვანეთ იგი ისეთ ადგილებზე, სადაც დიდი ხანია ან არასდროს ყოფილხართ (მაგალითად: ზოოპარკი, ქალაქის ღირსშესანიშნაობა, ადგილი, სადაც ულამაზესი ბუნებაა);
• ტრენინგი, კლასი, რომლზეც ერთად ივლით, თუნდაც დისტანციურად – იოგის წრე, ხატვის წრე, რომელიმე უცხო ენის წრე და ა.შ

ფიზიკური შეხება (Touch)

ადამიანს, რომელიც ამ ენით “მეტყველებს”, პარტნიორისგან სიამოვნებს: ჩახუტება, კოცნა, ხელის ჩაკიდება, სექსი და ა.შ ამიტომაც, თუკი მისთვის საჩუქრის ჩუქება გსურთ, ისეთი რამ უნდა შეარჩიოთ, რაც ფიზიკურ შეხებასთან ასოცირდება ან მოიცავს მას.

საჩუქრის იდეები:

• მასაჟის ან სპა პროცედურის სასაჩუქრე ვაუჩერი;
• მასაჟის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ მისთვის, ამიტომაც შეგიძლიათ, მასაჟის ლოსიონები და ზეთები აჩუქოთ პარტნიორს;
• ლამაზი საცვლები, რომელიც ფიზიკურ კავშირს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის;
• პლედი ან სასიამოვნო, რბილი შემოსახვევი, რომელსაც ორივე ერთად შემოიხვევთ ფილმის ყურების დროს;

საჩუქრები (Gifts)

ადამიანს, რომელიც საკუთარ სიყვარულს საჩუქრებით გამოხატავს, ძალიან სიამოვნებს ანალოგიურის მიღება საკუთარი პარტნიორისგანაც – ანუ სიყვარულის ვიზუალურად გამოხატვა. მათ მოსწონთ პერსონიფიცირებული, სპეციალურად მათთვის შექმნილი ან მათზე გათვლილი საჩუქრები. იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ საჩუქარი ამგვარი ადამიანისთვის, ჩამოწერეთ აქამდე რა ნივთებზე უსაუბრია მას თქვენთან – ეცადეთ, კარგად გაიხსენოთ მათი თითოეული სიტყვა.

საჩუქრის იდეები:

• რაიმე ძვირფასი ნივთი, რომელიც დიდი ხანია უნდათ, მაგრამ ენანებათ ფულის დახარჯვა მაგალითად: ძვირფასი სამკაული, მობილური, სუნამო და ა.შ;
• პატარ-პატარა საჩუქრების ნაკრები, რომლებსაც რამდენიმე დღის განმავლობაში აჩუქებთ;
• გამოწერითი საჩუქრები, რომელსაც თქვენი პარტნიორი ყოველთვე მიიღებს, მაგალითად: მაკიაჟის ბოქსები, თავის მოვლის საშუალებათა ბოქსები და ა.შ;
• ის, რაც რამდენიმე თვის წინ ახსენეს თქვენთან და დღემდე არ გიჩუქებიათ;

და ბოლოს, თუკი ჯერ კიდევ არ იცით, თქვენი პარტნიორი რომელი სიყვარულის ენით “მეტყველებს”, ეს ტესტი სწორედ რომ მათი აღქმების გარკვევაში დაგეხმარებათ. ხოლო თუკი უკვე ხვდებით, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება თქვენი საყვარელი ადამიანი, საჩუქრის ამ გზით/პრინციპით განსაზღვრა ნამდვილად დაგეხმარებათ მის გახარებაში.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე