Night mode

რა უარყოფითი გავლენა აქვს ეკრანის ყურებას ჩვენს ორგანიზმზე და როგორ შევამციროთ ეს ეფექტი?

რა უარყოფითი გავლენა აქვს ეკრანის ყურებას ჩვენს ორგანიზმზე და როგორ შევამციროთ ეს ეფექტი?
ფონტის ზომა

ერთ-ერთ სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა დადებითი გავლენა აქვს ბუნებაში ყოფნას ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე. ამგვარ გარემოში მთლიან სხეულთან ერთად ჩვენი თვალებიც ისვენებს და სასიამოვნო ხედის ყურებით მშვიდდება. სწორედ ამას იყო მიჩვეული განვითარების ადრეულ ეტაპებზე მყოფი ადამიანი, რომლის მხედველობაც, მხოლოდ და მხოლოდ, მზის ხანგრძლივად ყურებით თუ შეიძლებოდა, დაზიანებულიყო. ადამიანის თვალი მიჩვეული იყო არა ეკრანის, არამედ ბუნებრივი განათების ფონზე სამგანზომილებიანი ხედის ყურებას. დღეს კი ასე აღარ არის – თანამედროვე ადამიანის ცხოვრება და თვალები, გარკვეულწილად, ეკრანებსაა მიჯაჭვული. 

განსაკუთრებით ახლა, როცა დროის უმეტესი ნაწილის გატარება სახლში გვიწევს და ჩვენი სხეული ფიზიკურ აქტივობებს მეტ-ნაკლებად მოკლებულია, დრო, ძირითადად, ეკრანების ყურებაში გაგვყავს. გარდა იმისა, რომ სავალდებულო სამუშაოს შესრულებაც კომპიუტერთან გვიწევს, არასამუშაო დროშიც კი ვკავდებით ვიდეოს/ფილმის ყურებით, მიმოწერითა და სხვა ონლაინ აქტივობებით. 

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ადამიანის ევოლუციას ეკრანის ყურებასთან ერთად არ ჩაუვლია. ჩვენი მხედველობისთვის ეს არც თუ ისე ორგანული რამაა. შესაბამისად, დღის განმავლობაში მის ყურებას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა არამხოლოდ ჩვენს სხეულზე, არამედ ტვინზეც კი. 

მაგალითად, კომპიუტერებთან მომუშავე ადამიანების დაახლოებით 58% განიცდის კომპიუტერული ხედვის სინდრომს, რომელსაც მთელი რიგი სიმპტომები ახასიათებს. ესენია:

• თვალების დაძაბვა;
• ბუნდოვანი ხედვა;
• თავის ტკივილი;
• კისრის და ზურგის ტკივილი;

ეკრანის ყურებაში გატარებული დროის ამგვარმა ხანგრძლივობამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ჩვენი მხედველობა. 1971 წლიდან მოყოლებული, აშშ-ში ახლომხედველობის შემთხვევები თითქმის გაორმაგდა, რასაც მეცნიერები ნაწილობრივ უკავშირებენ ეკრანთან გატარებული დროის გაზრდას. დღეს აზიაში თინეიჯერებისა და მოზარდების თითქმის 90 პროცენტი ახლომხედველია. 

ჩვენი მხედველობისთვის განსაკუთრებით საზიანოა ეკრანების ღამით ყურება. როგორც ცნობილია ეკრანი ასხივებს სამი ფერის: მწვანის, წითლისა და ლურჯი ფერების ნაზავს, რომელიც არღვევს მელატონინის (ჰორმონი, რომელიც გვეხმარება განტვირთვასა და დაძინებაში) გამოყოფას. 

არსებობს პატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მონაწილეები, რომლებიც ძილის წინ 5 საათის ხანგრძლივობით ელექტრონულ წიგნებს კითხულობდნენ 5 ღამის განმავლობაში,  აწარმოებდნენ 55% -ით ნაკლებ მელატონინს, ვიდრე მონაწილეები, რომლებიც ბეჭდურ წიგნებს კითხულობდნენ.

უფრო მეტიც, ელექტრონული წიგნების მკითხველებმა განაცხადეს, რომ ისინი:

• უფრო ფხიზლად იყვნენ ძილის წინ;
• უფრო მეტი დრო დასჭირდათ დასაძინებლად;
• მომდევნო დილას უფრო დაღლილები იყვნენ;

რატომ ძაბავს თვალებს კომპიუტერის ყურება უფრო მეტად, ვიდრე ბეჭდური მასალის კითხვა? ძირითადად იმიტომ, რომ ადამიანები კომპიუტერის გამოყენების დროს თვალს ნაკლებად ახამხამებენ. მეტიც, ადამიანის თვალის დახამხამების სიხშირე მესამედამდე შემცირდება, რაც თვალების გამოშრობას უწყობს ხელს. 

მანამ, სანამ კომპიუტერთან მომუშავე ადამიანის ეკრანთან გატარებული დროის საშუალო ხანგრძლივობა 1700 საათს ითვლის წელიწადში, აუცილებელია, ჩვენს ორგანიზმზე ზრუნვა დავიწყოთ. 

საამისოდ, ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას იძლევა: 

შეინარჩუნეთ დისტანცია – თვალებს უფრო მეტად უწევთ ახლო ეკრანთან მუშაობა, ვიდრე შორს მანძილზე. ეცადეთ, ეკრანი თქვენი ხელის სიგრძეზე მოათავსოთ. განათავსეთ ეკრანი ისე, რომ თქვენი მზერა ოდნავ დაბლა ქვემოთ მიმართული;
შეამცირეთ სიკაშკაშე – რაც უფრო პრიალაა ეკრანი, მით უფრო ღიზიანდება თვალი, ამიტომაც ეცადეთ, გლუვი ეკრანის ფილტრი გამოიყენოთ;
მოარგეთ განათება თქვენს თვალებს – თუკი თქვენი ეკრანის განათება უფრო კაშკაშაა, ვიდრე სინათლე თქვენ გარშემო, ეცადეთ, დაბლა დასწიოთ ეკრანის განათება, რადგან ასეთ შემთხვევაში, თვალები უფრო მეტად იძაბება.
დაასვენეთ თვალები – გამოიყენეთ 20-20-20 წესი: ყოველ 20 წუთში უყურეთ 20 მეტრის სიშორის ჰორიზონტს 20 წამის განმავლობაში. შორ დისტანციაზე ყურება თვალებს დასვენების საშუალებას აძლევს.
შეუნარჩუნეთ თვალებს ტენიანობა – იქონიეთ ხელოვნური ცრემლები, რომლებსაც გამოშრობისას ჩაიწვეთებთ ხოლმე.
შეწყვიტეთ მოწყობილობების ძილის წინ გამოყენება – დღის განმავლობაში ეკრანიდან გამომავალი ლურჯი შუქი ჩვენს თვალებს ასტიმულირებს და ფხიზლად ამყოფებს, ხოლო ღამით ის ხელს უშლის ძილისა და მოსვენების ჰორმონის გამოყოფას. ხოლო თუ ბოლომდე ვერ შეძლებთ ამას, გამოყენების ხანგრძლივობა შეამცირეთ.

“თვალების გამოშრობა და დაძაბვა საკმაოდ უსიამოვნოა, თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება განტვირთვითა და დასვენებით,” – ამბობს დიანა სელდომრიჯი, ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის კლინიკური სპიკერი. და მართლაც, დადებითი ფაქტია ის, რომ ეკრანის ყურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შესუსტება მართლაც შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინებით. 

ნუ გაიხდით ეკრანს თქვენი აქტივობების განხორციელების ერთადერთ საშუალებად. წერეთ ხელით, იკითხეთ ბეჭდური წიგნები და გაიხსენეთ დრო, როცა მოწყობილობები ადამიანების ცხოვრებაში არც თუ ისე დიდ როლს თამაშობდნენ. მართალია ეკრანისგან მოშორება იზოლაციის პერიოდში უფრო მეტად რთული იქნება, თუმცა, დაიწყეთ ეტაპ-ეტაპ, მცირე ხნით და მალევე იგრძნობთ შვებას. 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე