Night mode

ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
ფონტის ზომა

ჩვენ ყველას გვაქვს კანის მოვლის საკუთარი რუტინა. კანის ტიპისა და ასაკის მიხედვით ვიყენებთ მისი მოვლის სხვადასხვა საშუალებებს, მაგრამ მიზანი საერთოა – აბრეშუმივით ნაზი, თანაბარი ფერის, მბზინავი, ჯანმრთელი კანი. ამისთვის, კანის დატენიანება და სწორი დღისა და ღამის რუტინა აუცილებელია. მაგრამ ეს პროცედურები კანის მოვლის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს. როდესაც ჯანსაღ კანზეა საუბარი, ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი მოვლაა. უფრო მეტიც, ძვირადღირებული კრემებისა და ლოსიონების გამოყენება ფუჭი იქნება, თუ კანზე შინაგანად არ ვიზრუნეთ. 

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ შეანელოთ კანის ნაადრევი დაბერება,  შეინარჩუნოთ ჯანსაღი კანი და თავიდან აიცილოთ მასთან დაკავშირებული პრობლემები.

მოცემული რჩევები ზოგადია, თუ გაქვთ კანის პრობლემები, გთხოვთ მიმართეთ დერმატოლოგს. 

საკმარისი ძილი

ძილი უმნიშვნელოვანესია ჩვენი კანის სიჯანსაღისთვის. ძილის პროცესში ორგანიზმი აღადგენს კუნთებს, ტვინისა და სისხლის უჯრედებსა და კანს. საკმარისი ძილის გარეშე ორგანიზმი ვერ წარმოქმნის კოლაგენს, რომელიც აუცილებელი ნივთიერებაა ჩვენი კანის, თმის, ფრჩხილებისა და ძვლებისათვის. 

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დილის ძილი ამ პროცესებში ვერ დაგეხმარებათ. საჭიროა ღამით 7-9 საათის განმავლობაში გეძინოთ, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ. ეს დაგეხმარებათ თვალების გარშემო სიშავეების გაქრობასა და თანაბარი ტონის მიღებაში. 

ჯანსაღი კვება

თუ გსურთ ლამაზი კანი გქონდეთ, ჯანსაღად უნდა იკვებოთ. არასწორმა კვებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს აკნეს ან ეგზემას სახით. 

განსაკუთრებით ეცადეთ, შეამციროთ რაფინირებული შაქრის (თეთრი, სუფრის შაქარი) , ფქვილის შემცველი საკვებისა და არაჯანსაღი ცხიმების ( განსაკუთრებით ტრანს ცხიმები)  ჭარბი რაოდენობით მიღებ, რომელიც ძირითადად გვხვდება “ჯანქ ფუნდში” და “ფასთ ფუდში”.

მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული, მთელი მარცვლეული და ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა თხილეული, სელისა და ჩიას თესლი, ავოკადო, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, ორაგული და ა.შ. ეს პროდუქტები ეხმარება თქვენს ორგანიზმს შექმნას ძლიერი და ჯანმრთელი უჯრედის მემბრანები, რომლებიც თავის მხრივ იცავს კანს გარემოს დაზიანებისაგან და ეხმარება მას აღდგენაში.

ჯანსაღი ცხიმების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თმის სიმშრალე. მათი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც კანის ძლიერი სიმშრალე აწუხებს. 

წყლის დალევა

ნათელი და ბუნებრივად ბზინვარე კანისთვის წყალი აუცილებელია. მის გარეგნულ დატენიანებასთან ერთად აუციელებლია შინაგან დატენიანებაზეც ვიზრუნოთ. 

თქვენი კანის საყვარელი სასმელი წყალია! ის ეხმარება მას დარჩეს ჰიდრატირებული, დატენიანებული, ჯანსაღი, ელასტიური და მბზინვარე. თუ გსურთ მბზინვარე კანი გახადეთ წყალი თქვენი საყვარელი სასმელი. თუ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ყავას, ტკბილ და გაზიან სასმელს მიირთმევთ, სცადეთ ჩაანაცვლოთ მათი ნაწილი წყლით, თქვენი კანი აუცილებლად გეტყვით მადლობას.

ნუ მოწევთ

გარდა იმისა, რომ მოწევა იწევევს სხვადასხვა სერიოზულ დაავადებებს და საზიანოა ორგანიზმისთვის, ის ასევე  საგრძნობლად აზიანებს კანსაც.

მოწევა აბერებს კანს და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას. ის ავიწროებს წვრილ სისხლძარღვებს კანის შორეულ შრეებში, რაც ამცირებს სისხლის ნაკადს. ასევე ართმევს კანს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. 

ამასთან ერთად, ის აზიანებს კოლაგენს და ელასტინს – ბოჭკოებს, რომლებიც თქვენს კანს სიძლიერესა და ელასტიურობას ანიჭებს. შესაბამისად, თუ გსურთ ახალგაზრდა და ჯანსაღი კანი შეინარჩუნოთ, ნუ მოწევთ.

ტყუპების სურათი. მარჯვენა არის მწეველი, ხშირად ირუჯება მზეზე და უფრო მაღალი დოზით განიცდიდა ქრონიკულ სტრესს

სტრესის შემცირება

შეგიმჩნევიათ, რომ მნიშვნელოვანი მოვლენის წინა ღამეს, სახეზე შეიძლება გამონაყარი არსაიდან გაჩნდეს? თითქოს მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა განწყობილი! სულაც არა, თქვენ უბრალოდ სტრესში ხართ. 

ჰორმონებს, მათ შორის სტრესის გამომწვევ ჰორმონს კანზე პირდაპირი გავლენა აქვს. სტრესის მაღალი დონე დაკავშირებულია კანის სხვადასხვა პრობლემებთან, მათ შორის ქავილთან და აკნესთან. ხოლო ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ეგზემა ან ფსორიაზი. 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სტრესი ზრდის ორგანიზმში კანის ცხიმს, რომელიც ბლოკავს ფორებს და იწვევს ან კიდევ უფრო ართულებს აკნეს. 

შესაბამისად, სტრესის მართვა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში.  ეს ადვილი არ არის, თუმცა ჯანსაღი კვება, წყლის მიღება და საკმარისი ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესთან გამკლავებაში. 

სატვირთო მანქანის მძღოლის ცნობილი სურათი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში სახის მარცხენა მხარეს ეცემოდა მზე ტარების დროს.

მზისგან კანის დაცვა 

მზე შეიძლება თქვენი კანის პირველი მტერი გახდეს. მზის ქვეშ დიდხანს ყოფნა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას,ნაოჭებს, ლაქებსა და კანის სხვა პრობლემებს. 

ყოველთვის გამოიყენეთ მზის დამცავი კრემი მნიმუმ 30 SPF-ით, ზამთარშიც კი. წაისვით ის გულუხვად ყოველ ორ საათში თუ მზის ქვეშ დიდ დროს ატარებთ. 

გამოიყენეთ მზის სათვალეები ყველა სეზონზე, ამით თვალების გარშემო კანს დაიცავთ, რომელიც ყველაზე ფაქიზი და ნაზია.  

ნუ გაატარებთ დიდ დროს მზეში, ეცადეთ მოერიდოთ მას და ჩრდილში იაროთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ  D ვიტამინის მისაღებად 10-20 წუთით მზეზე გასვლა სავსებით საკმარისია, მეტი დროის გატარება კი მიზანშეწონილი არ არის. 

დაიბანეთ სახე თბილი წყლით

გახსოვდეთ, რომ ზემოთ აღნიშნული რჩევების გარდა, მნიშვნელოვანია ყოველდღიური რუტინაც. დღის ბოლოს აუცილებლად დაიბანეთ სახე, რათა მოიშოროთ მაკიაჟი და დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი. ასევე, მოერიდეთ ცხელ წყალში ხანგრძლივად ბანაობას, რადგან ცხელი წყალი ხელს უწყობს კანის გამოშრობასა და გაღიზიანებას. 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი