Night mode

ჩვევები და გადაწყვეტილებები, რომლებიც გავრცელებული დაავადებებისგან თავდაცვაში გვეხმარებიან

ჩვევები და გადაწყვეტილებები, რომლებიც გავრცელებული დაავადებებისგან თავდაცვაში გვეხმარებიან
ფონტის ზომა

მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნებისმიერი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ხშირად, ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლულ ადამიანებს საკუთარი სურვილების და ბუნებრივი მოთხოვნილებების გათვალისწინებაც კი გვიჭირს და მათ მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას, როცა პრობლემა აშკარად იჩენს თავს. ამ დროს კი, საკუთარი სხეულის მოსმენამ და გაფრთხილებამ, მისთვის შესაბამისი დროისა და ენერგიის დათმობამ, შესაძლოა, მძიმე შედეგები აგვაცილოს თავიდან. 

ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე ჯანსაღ ჩვევას და წინდახედულ გადაწყვეტილებას, რომელთა გათვალისწინებაც გავრცელებული დაავადებების პრევენციაში დაგეხმარებათ.

ძილის რეჟიმის დარეგულირება – ალბათ, ყველამ იცის, რომ ზრდასრული ადამიანისთვის დღე-ღამეში ძილის ნორმალური დრო 7-9 საათით განისაზღვრება, ძილის ნაკლებობა კი, ნერვული სისტემის მთავარი ერთეულის – ნეირონების დაზიანებასა და ტვინის კოგნიტური ფუნქციების შეზღუდვას იწვევს. თუმცა, მხოლოდ ამ საათობრივი პერიოდის გათვალისწინება ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. ღამით გათენება და დღისით ძილი ორგანიზმში ბევრ არასასურველ პროცესს ასტიმულირებს, მათ შორის, მოქმედებს სისხლში შაქრის ოდენობაზე და ზრდის დიაბეტის შანსს, ამიტომ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დავიცვათ ძილის ბიოლოგიური რეჟიმი, რაც იმას გულისხმობს, რომ გვეძინოს ღამით (სიბნელეში) და ვიფხიზლოთ დღისით (სინათლეზე). 

ფიზიკური აქტივობის გაზრდა – მაშინაც კი, თუ რეგულარულად ვარჯიში გეზარებათ, შეგიძლიათ თქვენს ორგანიზმში არაერთი დაავადების წარმოქმნის შანსი დღის განმავლობაში 15-წუთიანი მსუბუქი გაწელვებით და სეირნობით შეამციროთ. ტექნოლოგიების ეპოქაში, განსაკუთრებით კი, კოვიდრეალობაში, ადამიანების ყოველდღიურობა, ძირითადად, კომპიუტერთან მუშაობას და, შესაბამისად, მჯდომარე ცხოვრების წესს დაუკავშირდა, რაც საგრძნობლად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მსხვილი ნაწლავის კიბოს, დიაბეტის, სიმსუქნის, შფოთვის, დეპრესიის და სხვა პრობლემების წარმოქმნის რისკს. ამის საპირისპიროდ მოქმედებს ფიზიკური აქტივობა, რომელიც როგორც კოგნიტური ფუნქციების გაძლიერებაში, ისე – სტრესთან გამკლავებასა და განწყობის ამაღლებაში გვეხმარება. 

შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება, უარი თქვით სიგარეტზე – კვლევების მიხედვით, ალკოჰოლის ხშირი მიღება სწრაფად დასწავლის უნარისა და მეხსიერების დაქვეითებას განაპირობებს. ამასთან, ხელს უშლის ადამიანებს, კონცენტრირდნენ კომპლექსურ დავალებებზე და განახორციელონ რთული მოტორული აქტივობები. მსგავსი და უფრო მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სიგარეტის მიღებამ, რომლის დროსაც მწეველი 7000-მდე ტოქსიკურ ნივთიერებას შეისუნთქავს. მათი უმეტესობა ინსულტის, სიმსივნის, გულის შეტევის მაპროვოცირებელია. ასევე, ყველასთვის ცნობილია ნიკოტინის გავლენა სისხლძარღვებზე, რაც მათ შევიწროვებას და ტვინის უჯრედების კვდომას გულისხმობს. 

არ უგულებელყოთ სტრესი – სტრესი თავს იჩენს, როდესაც გარე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები იმდენად ძლიერია, რომ ჩვენ მიერ მასთან გამკლავების უნარს აჭარბებს. ამასთან, შეიძლება სტრესი გამოიწვიოს ისეთმა მოვლენებმა, როგორებიცაა: კონფლიქტი ოჯახში, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, არასტაბილური გარემო, ძლიერი სიხარულიც კი. მცირე დროით განცდილ სტრესს ორგანიზმი შესაბამისი ჰორმონების (ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, კორტიზოლი) გამოყოფით მარტივად უმკლავდება, თუმცა, ქრონიკულმა და ხანგრძლივმა სტრესმა, შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს ადამიანის ორგანიზმის არაერთი სისტემა, მათ შორის, იმუნური, საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, რეპროდუქციული და სხვა. საბედნიეროდ, სტრესის შემცირების მარტივი და ბუნებრივი გზები არსებობს, მაგრამ ყველაზე მთავარია, არ უგულებელყოთ თქვენს ორგანიზმში გამოწვეული ცვლილბები, დროულად მოუსმინოთ მას და დაუთმოთ დრო საკუთარ მენტალურ მდგომარეობაზე (როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის მთავარ წინაპირობაზე) ზრუნვას. 

გაეცანით ინფორმაციას გავრცელებული დაავადებების გამომწვევი მიზეზებისა და მათი დაზღვევის შესაძლებლობების შესახებ – გავრცელებული კრიტიკული დაავადებების დიაგნოზირება ადამიანისთვის შოკისმომგვრელი პროცესია, მაგრამ გახსოვდეთ, მათი დაძლევა და პრევენცირებაც კი, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია. ჯანმრთელობის პრობლემების წარმოქმნას, ძირითადად, სწორედ ცხოვრებისეული მავნე ჩვევები განაპირობებენ, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება არა სრულად, მაგრამ მნიშვნელოვნად დაგიცავენ მათი წარმოქმნის რისკისგან. თუმცა, გავრცელებული დაავადებების დიაგნოზირების შემთხვევაშიც კი, მათთან გამკლავების არაერთი გზა არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური ფაქტორი ასეთ დროს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს, თქვენ ირგვლივ არსებული სადაზღვევო პაკეტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა წინდახედულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. 

მაგალითად, საკმაოდ გავრცელებულ კრიტიკულ დაავადებებს ავთვისებიანი სიმსივნე, გულის ინფარქტი, გულის შუნტირება, ინსულტი, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, დამბლა და სიბრმავე წარმოადგენს. საქართველოში მოქმედი თიბისის „კრიტიკული დაავადებების დაზღვევა“ კი, შვიდივე მათგანს ფარავს. ასეთი პირობების ფარგლებში, დაზღვევაზე წინასწარ ზრუნვამ, შესაძლოა, მომავალში მატერიალური თუ დროითი დანაკარგები მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქოთ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მომსახურებაში მსოფლიოში წამყვანი კლინიკის მოძიება, საჭირო სამედიცინო დოკუმენტების მომზადება, წამყვან სპეციალისტებთან ვიდეო-კონსულტაციები და შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის ორგანიზებისთვის ასისტენტის მომსახურებაც შედის. 

იკვებეთ ჯანსაღად – ის ფაქტი, რომ კვება გავლენას ახდენს ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა ფუნქციაზე, ახალი არავისთვისაა. ორგანიზმის საშენ ძირითად მასალებს – პროტეინებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს – სწორედ საკვებიდან ვიღებთ, თუმცა, სწრაფად ხელმისაწვდომობის, დაბალი ფასის, რეკლამისა და სხვა მიზეზების გამო, ადამიანები ხშირად უგულებელვყოფთ ორგანიზმისათვის ჯანსაღი საკვების მიწოდების საჭიროებას და საკუთარ თავებს ე.წ. junk food-ით ვუმასპინძლდებით. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ისეთი დაავადებების, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, კარიესი, სიმსივნე და ა.შ. წარმოქმნის მიზეზი, ხშირად სწორედ ის ნივთიერებებია, რომლებსაც არაჯანსაღი კვების შედეგად ვიღებთ. ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო  ჯანსაღი კვება, თავის მხრივ, ადამიანის ორგანიზმში დაავადებების წარმოქმნის რისკის შემცირებისა და სასარგებლო პროცესებს გააქტიურების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.