ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის

ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის

ზოგჯერ,  სამსახური ჩვენს ცხოვრებაში მთავარ როლს იკავებს. საქმეში წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის ბალანსის შენარჩუნებაზე უარს ვამბობთ.

სინამდვილეში, ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ რეალობაში.

თუ ადრე სამუშაო დრო მეტ-ნაკლებად გამიჯნული იყო და ოფისიდან გასვლის შემდეგ სამსახური კარს მიღმა რჩებოდა, ონლაინ რეჟიმში მუშაობამ ამ ორს შორის არსებული ზღვარი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.

რას ნიშნავს პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსი?

ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი სწორად და სათანადოდ ანაწილებს პრიორიტეტებს კარიერასთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ეს არის მდგომარეობა, როცა გვესმის, თუ რა არის ჩვენთვის ნამდვილად ფასეული და რთულ პერიოდშიც შეგვიძლია რაღაცების გადაფასება.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბალანსი არ გულისხმობს იდეალური განრიგის ქონას და 50/50 ზე დროის განაწილებას სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.  შეიძლება, ზოგ დღეს უფრო დიდხანს მუშაობა მოგიწიოთ, ზოგჯერ კი, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ბალანსი ამ პრიორიტეტების ყოველდღიურად გადახედვასა და მეტ-ნაკლებად ჰარმონიაში ყოფნას ნიშნავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბალანსის შენარჩუნება?

სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი დადებითად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე, მაგალითად :

ამცირებს სტრესს

ბალანსის არ არსებობა ქრონიკულ სტრესს უკავშირდება. ასეთი სტრესი ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებასა და შფოთვას; შეუძლია, გაამძაფროს სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობა და  გამოიწვიოს ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

გვიცავს “გადაწვისგან”

გადაწვამ (burnout)  შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობა, გუნება-განწყობილების ცვალებადობა, გაღიზიანებულობა და შრომისუნარიანობის დაქვეითებაც კი.

აუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს  

ბალანსის დარღვევით გამოწვეული დაღლილობა ხელს უშლის საღად აზროვნებას და ყურადღების კონცენტრაციას, რაც აუცილებლად აისახება საქმიანობაზე.

ამის საპირისპიროდ, პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ჰარმონიული დამოკიდებულება საშუალებას გვაძლევს, დროულად აღვიდგინოთ ენერგია და უფრო პროდუქტიულები ვიყოთ.

გვიცავს ურთიერთობების გაუარესებისგან

როცა იმდენს მუშაობთ, რომ საკმარისი დრო არ გრჩებათ საყვარელი ადამიანებისთვის, ოჯახთან და მეგობრებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მომენტებს აკლდებით. ამან კი, შესაძლოა, ურთიერთობები დააზიანოს ან თავი გარიყულად გაგრძნობინოთ.

მნიშვნელოვანია კარიერის შენარჩუნებისთვის

ხშირად, მშობლებს ბავშვების მოვლის პასუხისმგებლობები ისე აწყდებათ თავს, რომ ისინი სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევენ პროფესიულ საქმიანობას. ალბათ, არაერთი დედა გაგახსენდებათ, რომელიც მთელ ენერგიას ბავშვების აღზრდაში დებს და სწორედ ამ მიზეზით უარს ამბობს კარიერაზე.

როგორ დავაბალანსოთ პირადი ცხოვრება და სამსახური?

დააწესეთ საზღვრები

ზოგჯერ, საკუთარი თავისგან ზედმეტს მოვითხოვთ ან სხვებს ვაძლევთ იგივეს საშუალებას. მაგალითად, მაშინ, როცა არასამუშაო დროს საქმეების კეთება სისტემატურ ხასიათს იღებს.

ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება, თუ წინასწარ დავაწესებთ საზღვრებს. მაგალითად, მენეჯერს გავაფრთხილებთ, რომ სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, ოჯახს ვუთმობთ დროს და კომპიუტერთან მიუწვდომელი ვიქნებით. ან მეუღლეს გავაფრთხილებთ, რომ ოჯახის საქმეების გარდა, კარიერაზეც უნდა ვიზრუნოთ და პასუხისმგებლობების გადანაწილება დაგვჭირდება.

გამიჯნეთ პირადი და სამუშაო სივრცე

მნიშვნელოვანია დასვენების და სამუშაო სივრცეების ერთმანეთისგან გამიჯვნა, განსაკუთრებით, სახლიდან მუშაობის პირობებში, აქ იგულისხმება:

  • სამუშაო ადგილი სასურველია, სამუშაოდ ერთი კუთხე აირჩიოთ, რომელსაც სამუშაო დროის გასვლის შემდეგ დატოვებთ. ისევე, როგორც ოფისიდან სახლში მიდიოდით ხოლმე.
  • ტანსაცმელი როდესაც მუშაობას მორჩებით, კომფორტულ ტანსაცმელში გამოეწყვეთ. ისე, რომ იგრძნოთ, რომ დღეისთვის მუშაობა ნამდვილად მორჩა.
  • საკომუნიკაციო საშუალებებიგათიშეთ შეტყობინებები, რომლებიც შესაძლოა მეილის ან სხვა სამსახურის საკომუნიკაციო არხების საშუალებით მიიღოთ.
  • რიტუალების დაწესება – მაგალითად, სამუშაო დროის დასრულების შემდეგ გასეირნება ან მსუბუქი ვარჯიში. როცა ოფისში ვმუშაობთ, სამსახურიდან სახლში წამოსვლა ერთგვარი რიტუალია, ანუ ერთი მდგომარეობიდან მეორეში ვინაცვლებთ. სახლიდან მუშაობისას, საზღვრები უფრო მარტივად ირღვევა და ამიტომ მნიშვნელოვანია მსგავსი რიტუალების ჩამოყალიბება.

თამამად თქვით “არა”

ეცადეთ, არ აიღოთ თქვენს თავზე იმაზე მეტი საქმე, ვიდრე გევალებათ. კარგი იქნება, თუ არ დათანხმდებით სხვის დახმარებაზე თხოვნას მხოლოდ იმის გამო, რომ უარის თქმა გიჭირთ. გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეთ.

გამოყავით დრო დასვენებისთვის

საქმიანად დატვირთულ განრიგში, გამოყავით დრო აქტივობებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ და მოდუნებაში გეხმარებათ. ეს შეიძლება იყოს სეირნობა, წიგნის კითხვა ან სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სამსახურისგან მოგწყვეტთ და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

 

სტატია მომზადებულია TBC Concept -ისა და Bloomin.ge -ის პარტნიორობის ფარგლებში. 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart