Night mode

9 ქალი ფილოსოფოსი, როგორც თქვენი შთაგონების წყარო

9 ქალი ფილოსოფოსი, როგორც თქვენი შთაგონების წყარო
ფონტის ზომა

როდესაც საქმე ფილოსოფოსებზე მიდგება ხოლმე, რატომღაც ყოველთვის ანტიკური დროის მოაზროვნეებს წარმოვიდგენთ: არისტოტელე, პლატონი, სოკრატე.. ფილოსოფოსებს რატომღაც ქალებზე მეტად კაცებთან ვასოცირებთ, მაგრამ, საბედნიეროდ, უამრავი ქალი ფილოსოფოსი არსებობს, საინტერესო აზრებითა და მსოფლმხედველობით და რომლებსაც, კარგი იქნება, რომ ვიცნობდეთ. 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში 9 ქალი ფილოსოფოსის შესახებ მოგიყვეთ, რომლებიც შესაძლოა თქვენი შთაგონების წყაროდ იქცნენ :

ჰიპათია ალექსანდრიელი (355 – 415 წ.წ)

”შეინარჩუნე აზროვნების უფლება, რადგან ფიქრის გარეშე ცხოვრებას არასწორად ფიქრიც კი ჯობია.”

ჰიპათია IV-V საუკუნის ქალი ფილოსოფოსია, რომლის მოღვაწეობის სფეროებიც მათემატიკა და ასტრონომია იყო. ის იყო ერთ-ერთი პიონერი აკადემიკოსი ქალბატონი და სპიკერი. მისი ნააზრევი ალექსანდრიაში წარმართულად ითვლებოდა და ქრისტიანულ მოძღვრებებს ემიჯნებოდა, რის გამოც შემდგომ ის მოკლეს. სწორედ ამ ფაქტის შემდგომ დაიწყო ხალხმა საკუთარი რწმენისთვის კრიტიკული თვალით დაკვირვება. თუკი თქვენც გსურთ, სხვა პერსპექტივიდან შეხედოთ სარწმუნოებას და ჰიპათიას ნააზრევს გაეცნოთ, მაშინ გირჩევთ, “ჰიპათიას სიბრძნე” წაიკითხოთ. 

სიუზან ლენგერი (1895 – 1985 წ.წ)

სიუზან ლენგერს დღესდღეობით პირველ ამერიკელ ქალ ფილოსოფოსად მოიაზრებენ. შეიძლება ითქვას, რომ სიუზანი ერთგვარად შემოქმედებას იკვლევდა. ის აკვირდებოდა, თუ როგორია თვითგამოხატვის, ხელოვნების ენა. იგი ადამიანის თანდაყოლილ საჭიროებებზე საუბრობდა და სურდა, სხვებისთვის მოეწოდებინა, რომ სამყაროს მნიშვნელობა ამოეცნოთ. თუკი რომელიმე შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობთ, იქნება ეს მუსიკა, ხატვა თუ სხვა, გირჩევთ წაიკითხოთ სიუზანის ნააზრევი წიგნში Philosophy in a New Key: A Study in the Symbolism of Reason, Rite, and Art,, Third Edition.

ირის მერდოკი (1919 – 1999 წ.წ)

ირის მერდოკი ცნობილია, როგორც ბრიტანელი და ირლანდიელი ნოველისტი. ის საკუთარი ნაწერების მეშვეობითა და სიუჟეტებით ცდილობდა სხვადასხვა ფილოსოფიური კითხვისთვის ეპასუხა. ეს შეგიძლიათ იხილოთ მის ესეში “სრულყოფის იდეა”. აღნიშნულ ნაშრომში მერდოკი იკვლევს, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს თვითკრიტიკამ ჩვენი ქცევა და ხედვები. თუკი საკუთარ თავში ჩაღრმავება და თქვენს ქცევებსა და აღქმებზე დაკვირვება გსურთ, მაშინ გირჩევთ, წაიკითხოთ “The Sovereignty of Good”. 

 

მერი მიდგლი (1919 – 2018)

“ადამიანების პრობლემა იმაში არ მდგომარეობს, რომ მათ საკუთარი თავი ძალიან უყვართ. პირიქით – მეტადაც უნდა უყვარდეთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ სხვები საკმარისად არ უყვართ.”

მერი მიდგლი იყო ბრიტანელი ფილოსოფოსი, რომელიც წერდა ისეთ თემებზე, როგორიცაა მითის მნიშვნელობა და ცხოველთა უფლებები. ის ასევე საუბრობდა იმაზეც, თუ რამდენად აქტუალურია დღეს ფილოსოფია. მიდგლი ავითარებს აზრს, რომ მეცნიერებას და რელიგიას ერთმანეთთან საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. წაიკითხეთ მიდგლის ნააზრევი, თუკი ცხოველების უფლებებით ხართ დაინტერესებული ან ფიქრობთ, რომ ტექნოლოგიებისა და გამარტივებული შესაძლებლობების მიუხედავად, მაინც გვჭირდება ფილოსოფია. ამას კი მოახერხებთ მის წიგნში “What is philosophy for?”

ანჯელა დევისი (1944 – )

“ყოველთვის, როცა სოციალური სამართლიანობის გულისთვის დაიწყებთ ბრძოლას, გაიაზრეთ, რომ თქვენი მიზანი მაშინვე განადგურდება, თუკი იმ ადამიანების მდგომარეობას ბოლომდე ვერ გაიაზრებთ, ვის გამოც იბრძვით.”

ანჯელა დევისი ცნობილია, როგორც აქტივისტი და სამოქალაქო უფლებების დამცველი. იგი, ამავდროულად, იკვლევს და წერს რასებზე, ფემინიზმსა და პოლიტიკაზე. ამიტომაც, თუკი დაინტერესებული ხართ იდენტობის საკითხებით, რასობრივი ჩაგვრით, გსურთ, მეტი იცოდეთ სოციალურ სამართლებრივ ჯგუფებზე და, მათ შორის, იცოდეთ ასევე “Black Lives Matters” მოძრაობაზეც, მაშინ გირჩევთ ანჯელა დევისის ნაწარმოები “Woman, Race & Class” წაიკითხოთ.

მართა ნუსბაუმი (1947 – )

ამერიკელი ფილოსოფოსი მართა ნუსბაუმი, ცნობილი პედაგოგი და მწერალია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებში. ნუსბაუმი ავითარებს აზრს, რომ ინდივიდი უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკური ფაქტორები. წაიკითხეთ ნუსბაუმი, თუკი საკუთარ თავს არა მხოლოდ თქვენი ქვეყნის ან რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოქალაქედ ხედავთ და გჯერათ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ყველასთვის აუცილებელია. ამისათვის, კი გაეცანით მის წიგნს: The Cosmopolitan Tradition: A Noble But Flawed Ideal. 

ჯუდიტ ბატლერი (1956 – )


ჯუდიტ ბატლერი იკვლევს გენდერის, სქესისა და იდენტობის საკითხებს. მისი ხედვით, არ არსებობს ორი სქესი. სქესი ჩვენი ქმედებებიდან ვითარდება და არ შეიძლება ის თანდაყოლილი იყოს. წაიკითხეთ ბატლერის ნაშრომები თუკი გენდერთან დაკავშირებული საკითხებით ხართ დაინტერესებული. ამას კი მოახერხებთ მის წიგნში: Gender trouble: Feminism and the Subversion of Identity.”

 

 

რუთ ჩანგი 

გზაჯვარედინზე ხართ და არ იცით რომელი გზა აირჩიოთ? რუთ ჩანგი სწორედ რომ გადაწყვეტილებების მიღების ფილოსოფიას ავითარებს და ცდილობს, ადამიანებსა თუ კომპანიებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. ამას კი მოცემული არჩევნების ფაქტორების გათვალისწინებით ახერხებს. თუკი გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება ამ კონკრეტულ მომენტში ან ზოგადადაც, მაშინ გირჩევთ, მის ვიდეოს უყუროთ თემაზე: “როგორ გვაძლიერებენ რთული გადაწყვეტილებები.”

სარა აჰმედი (1969 – )

ბრიტანელ-ავსტრალიელი მეცნიერი სარა აჰმედი იკვლევს „როგორ ხდება სხეულების და სამყაროების ფორმირება; და როგორ ხდება ძალაუფლების მოპოვება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე – ინსტიტუციურ კულტურებში.” აჰმედის ინტერესები მოიცავს თემების ფართო სპექტრს, იქნება ეს კულტურული კავშირები, ემოციები, ფემინიზმი თუ სხვა. წაიკითხეთ სარა აჰმედის ნააზრევი, თუ თქვენ ცდილობთ გააღრმავოთ ცოდნა ფემინიზმის შესახებ. ამას კი მოახერხებთ მის წიგნში: “Living a Feminist Life.”

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

წყარო : thegoodtrade