Night mode

8 სფერო, რომელიც ჩვენს კეთილდღეობას განაპირობებს

8 სფერო, რომელიც ჩვენს კეთილდღეობას განაპირობებს
ფონტის ზომა

ადამიანის კეთილდღეობა (wellness) უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ჯანმრთელობა. ეს არის მრავლისმომცველი კონცეფცია. ფიზიკური, მენტალური და სულიერი ასპექტების ჰოლისტური ინტეგრაცია, ცვლილებებისა და ზრდის დინამიური პროცესი.

კეთილდღეობის ოპტიმალური დონის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკეთესი ხარისხის ცხოვრებისთვის. ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევებსა და ემოციებზე. ოპტიმალური კეთილდღეობის მიღწევა აუცილებელია სტრესთან გასამკლავებლად, დაავადებების რისკების შესამცირებლად და პოზიტიური ურთიერთობების შესანარჩუნებლად.

კეთილდღეობა არ ნიშნავს სტრესისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრეობას ან დაავადების არ ქონას. კეთილდღეობისკენ მაშინაც შეიძლება მიისწრაფოდეთ, როცა ცხოვრებაში სირთულეებს აწყდებით.

ადამიანის კეთილდღეობა რამდენიმე სფეროსგან შედგება და ყველა მათგანი, ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ, რომელიმე სფერო უგულებელყოფილია, დიდი ალბათობით, ის გავლენას მოახდენს სხვა სფეროებზე და მთლიანობაში, ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

რა განსაზღვრავს ჩვენს კეთილდღეობას

ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი 8 სფერო არსებობს: ემოციური, გარემო, ფინანსური, ინტელექტუალური, პროფესიული, სულიერი, ფიზიკური და სოციალური.  განვიხილოთ თითოეული მათგანი.

1. ემოციური 

ემოციური სფერო გულისხმობს:

  • საკუთარი და სხვების ემოციების, ფასეულობებისა და დამოკიდებულებების გაგებას და პატივისცემას;
  • სხვების გრძნობების დაფასებას;
  • საკუთარი ემოციების კონსტრუქციულად მართვას;
  • ცხოვრების მიმართ ზოგად პოზიტიურ და ენთუზიაზმით სავსე განწყობას.

 

ამ შემთხვევაში, თქვენ თავს უნდა დაუსვათ შემდეგი კითხვები:

  • რამდენად ეფექტურად უმკლავდებით ცხოვრებას და ცხოვრებაში წარმოქმნილ სირთულეებს?
  • შეგიძლიათ ჯანსაღი ურთიერთობების შექმნა და შენარჩუნება?
  • გაქვთ თუ არა ემოციური რესურსი და ამის შესაბამისი უნარ-ჩვევები?

ემოციური სფეროს გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ დაკავდეთ მედიტაციით, გაიაროთ ფსიქოთერაპიის კურსი, დაესწროთ სტრესის მართვის ტრენინგს, განცდების შესახებ ესაუბროთ ახლობელ ადამიანებს, ზოგადად აიმაღლოთ ცნობიერება ემოციური მდგომარეობის შესახებ და ისწავლოთ რელაქსაციისთვის საჭირო ხერხები.

იპოვეთ ადგილი, სადაც განმარტოებას შეძლებთ მაშინ, როცა ზედმეტად გადაღლილი და დასტრესილი ხართ. საკუთარ თავთან დარჩენა და სწორი ფიქრი, მნიშვნელოვანია.

ასევე, შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, სადაც ყოველი დღის ბოლოს დაწერთ, რა გაგიხარდათ, რა გეწყინათ, რამ გაგაღიზიანათ თუ გამოიწვია სხვა მძაფრი ემოცია.

2. გარემო

რამდენად ჯანსაღია თქვენი გარემო? რამდენად უწყობს ის ხელს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას? რამდენად ხართ ბუნებასთან ახლოს, რამდენად დაბინძურებულია ის გარემო, სადაც თქვენ ცხოვრობთ ?

ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა გავლენას ახდენს გარემო თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ასევე, როგორ მოქმედებს თქვენი ყოველდღიური ჩვევები ფიზიკურ გარემოზე.

გაიუმჯობესეთ გარემო, რომელშიც ცხოვრობთ, მუშაობთ ან დროის დიდ ნაწილს ატარებთ. შეიძინეთ მცენარეები, მოერიდეთ ისეთ შენობებსა თუ სივრცეებს, რომლებიც თქვენზე ცუდად მოქმედებს და ეცადეთ, უფრო მეტად იქ გაჩერდეთ, სადაც ბუნებრივი განათებაა. ნაკლებად გამოიყენეთ ხელოვნური ნივთები და აქცენტი გააკეთეთ ბუნებრივ მასალებზე. მეტი დრო ატარეთ ბუნებაში, მაგალითად, გაიჩინეთ ისეთი ჰობი, რომლისთვისაც საჭიროა სუფთა ჰაერზე ყოფნა.

3. ფინანსური

აქ იგულისხმება იმ ფინანსური რესურსების მართვა, რომლებიც  ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ასევე, შესაძლო  კრიზისებისთვის მზაობა.  მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ყველა ადამიანის ფინანსური საჭიროება და მდგომარეობა განსხვავებულია.

გახსენით ანაბარი და ყოველთვე გადადეთ თუნდაც მინიმალური თანხა; წინასწარ განსაზღვრეთ თვის განმავლობაში რა ხარჯები გაქვთ და დაალაგეთ ისინი პრიორიტეტების მიხედვით. ეცადეთ, პროდუქტიულად გამოიყენოთ დრო და თუ ბევრი სამუშაო არ გაქვთ, მოძებნეთ დამატებითი შემოსავლის წყაროები.

4. ინტელექტუალური

მოცემული სფერო გულისხმობს ინტელექტუალურად ზრდას, ცნობისმოყვარეობის შენარჩუნებას, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის დაფასებას და ინტელექტუალურ სირთულეებზე პოზიტიურ რეაგირებას. ასევე, ცოდნისა და უნარების გაფართოებას და თქვენი ნიჭის სხვებისთვის გაზიარებას.

ინტელექტუალური სფეროს ჰარმონიისთვის, დაკავდით აქტივობებით, რომლებიც თვალსაწიერის გაფართოვებასა და ტვინის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. წაიკითხეთ წიგნები, გააკეთეთ კროსვორდები და ააწყვეთ ფაზლები. ასევე, გახდით რომელი ჯგუფის წევრი, სადაც შეძლებთ თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ სხვა ადამიანებს ან რაიმე ასწავლოთ. ეკონტაქტეთ და მოუსმინეთ ადამიანებს, რომლებისგანაც შეგიძლიათ რამე ახალი ისწავლოთ.

5. პროფესიული

ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს სამსახური/სპეციალობა, რომელიც მისი ფასეულებებისა თუ მიზნების შესაფერისია, საინტერესოა და კმაყოფილების გრძნობას ანიჭებს. დებდეს იმ რესურს და იყენებდეს ისეთ უნარებს, რომლებიც მისთვის პერსონალურად ღირებულია. მართალია, დღევანდელ რეალობაში ამ ყველაფრის გათვალისწინება და საკუთარ თავზე მორგება არც ისე მარტივია, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენს ბედნიერებას, შესაძლოა ხელს სწორედ ეს ფაქტორი უშლიდეს.

რამდენად კმაყოფილი ხართ უშუალოდ თქვენი სამსახურით/სპეციალობით? გაინტერესებთ და გიყვართ ის, რასაც აკეთებთ?

დაუსვით თქვენს თავს კითხვები, რისი კეთება მოგეწონებოდათ ყველაზე მეტად ? რა არის ის, რაც მოგწონთ და თან გამოგივათ? გადახედეთ განვლილ კარიერას. რას შეცვლიდით? რამ იმუშავა კარგად და რამ არა? დაფიქრდით, კარიერის განვითარების რა ვარიანტები გაქვთ და რა შეიძლება გააკეთოთ მიზნის მისაღწევად? იყავით გულწრდელი და ესაუბრეთ უფროსს იმის შესახებ, თუ საქმის რა ნაწილი არის თქვენთვის უფრო საინტერესო და მეტ ბედნიერებას განიჭებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა პროფესიას აქვს სასიამოვნო და ნაკლებად სასიამოვნო ნაწილი. მთავარია, იპოვოთ ის, რომელიც კმაყოფილებას განიჭებთ.

თუ სამსახურმა ძალიან დაგღალათ, იცოდეთ რომ ესეც ბუნებრივია. დაისვენეთ და ითხოვეთ ამისთვის სხვების მხარდაჭერა.

6.ფიზიკური

როგორ იკვებებით? როგორ გძინავთ? ფიზიკურად რამდენად აქტიური ხართ?

ფიზიკური სფერო გულისხმობს სხეულზე ზრუნვას და სიჯანსაღის შენარჩუნებას ახლა და მომავალში

ამ სფეროს დაბალანსებისთვის, ჯანსაღად იკვებეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური და მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ჩვენი სხეულის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. თავი აარიდეთ ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიც არის თამბაქო, ალკოჰოლის მოხმარება და სხვა ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც ფიზიკურ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. წლის განმავლობაში ჩაიტარეთ გეგმიური კვლევები და იმკურნალეთ, თუ რაიმე გაწუხებთ.

7.სოციალური

აღნიშნული სფერო გულისხმობს ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნებას, სხვებთან ყოფნით სიამოვნების მიღებას, მეგობრების შეძენას და ინტიმური ურთიერთობების დამყარებას. მისცე სხვებს საშუალება, რომ შენზე იზრუნონ – ესეც სოციალური სფეროს ნაწილია.

გრძნობთ თუ არა სხვადასხვა ჯგუფის მიკუთვნებულობას? თითქოს, ადამიანთა რაღაც ერთობლიობის ნაწილი ხართ? გყავთ თუ არა გარშემო ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ?

ეკონტაქტეთ ადამიანებს, იარეთ ღონისძიებებზე, გახდით სხვადზასხვა სოციალური ჯგუფის წევრი. მოუსმინეთ სხვებს და ეცადეთ, გულწრფელად გაიგოთ, რას ფიქრობენ და გრძნობენ ისინი. ემეგობრეთ ძველ მეგობრებს, მაგრამ აუცილებლად გაიცანით ახალი ადამიანებიც.

8.სულიერი

რელიგიის თუ მის გარეშე, ცხოვრების აზრის პოვნა და ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რაც თქვენს რწმენებსა და ფასეულობებს შეესაბამება.

დაკავდით თვითრეფლექსიით და კარგად გაიაზრეთ, რა ღირებულებები გაგაჩნიათ. გაეცანით სხვადასხვა ჯგუფის შეხედულებებს და თქვენი აზრები გაუზიარეთ სხვებს. გაწევრიანდით წრეში, რომელიც თქვენს შინაგან მდგომარეობასთან ყველაზე ახლოს არის.

როგორ მივაღწიოთ ჰარმონიას კეთილდღეობისთვის

  • განსაზღვრეთ, რომელი სფეროები საჭიროებენ თქვენგან მეტ მოქმედებას. რომელი სფეროა მეტ-ნაკლებად უგულებელყოფილი? სად ხედავთ პრობლემას?
  • თვალი გაუსწორეთ ფაქტს, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ. შეიძლება, 100 %-ით ვერ ამოქმედდეთ, მაგრამ ყოველ დღე, პატარ-პატარა ცვლილებები, პერსპექტივაში დიდ შედეგს გვაძლევს;
  • დაისახეთ რეალური მიზნები. მნიშვნელოვანია, გქონდეთ მიზანი, მაგრამ ის არ უნდა იყოს მიუღწეველი და წარმოუდგენელი;
  • დაგეგმეთ. ერთია მიზნის დასახვა და მეორე მისი მიღწევის გეგმის დასახვა. მაგალითად, თუ გინდათ ფიზიკური სფეროს გაუმჯობესება, რას ნიშნავს ეს? ტკბილეულით სავსე თაროების დაცარიელებას? საყიდლების სიის დაწერას? რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ?
  • დაინდეთ საკუთარი თავი. ნუ იქნებით შეფასებისას ძალიან მკაცრი. დააფასეთ პატარა ცვლილებაც და მიუტევეთ თქვენ თავს თუ რამეს იდეალურად ვერ გააკეთებთ;
  • ნუ შეგეშინდებათ სხვისთვის დახმარების თხოვნის. ადამიანი სოციალური არსებაა და ბუნებრივია, ზოგჯერ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდებოდეს.

 

გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი კეთილდღეობის ყველა სფერო თანაბარ დონეზე იყოსგამართული”. მნიშვნელოვანია პერსონალური ჰარმონიის მიღწევა

პრიორიტეტები, მიდგომები და მისწრაფებები, ყველა ინდივიდს ბუნებრივად აქვს განსაზღვრული და ყველა ადამიანში განსხვავებულია. განსხვავებულია შეხედულებებიც იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სრულფასოვანი ცხოვრება.

ისიც ფაქტია, რომ რეალურ ცხოვრებაში, იდეალურად დაბალანსებულ ყველა სფეროს ძალიან იშვიათად თუ შევხვდებით ან შეიძლება, ასეთი არც არსებობდეს.

თუმცა, კეთილდღეობის ასპექტებზე დაკვირვება და თქვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეების ამოცნობა, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ავტორი: ნინი დარსაძე