Night mode

5 რამ, რაც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს

5 რამ, რაც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს
ფონტის ზომა

ალბათ, ცხოვრების მაღალი ხარისხის შესახებ ყველას ჩვენებური წარმოდგენა გვაქვს, ისევე, როგორც განსხვავებულად ვხედავთ ბედნიერებას. თუმცა, არსებობს უნივერსალური ხერხები, რომლებიც ცხოვრებისგან მეტი სიამოვნების მიღებაში დაგვეხმარება.

გამონახეთ დრო იმისთვის, რაც სიამოვნებას განიჭებთ

ზოგჯერ გვგონია, რომ დრო არასდროს არ არის საკმარისი და შეუძლებელი ხდება იმის კეთება, რაც გვსიამოვნებს. ასეთ რეალობაში ყოფნა ნამდვილად რთულია, რადგან სამსახურის თუ ოჯახის საქმეები, თითქოს, არასდროს ილევა.

თუმცა, დასვენება იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე გვგონია. კვლევების თანახმად, ის ხელს უწყობს სტრესის დონის შემცირებას და გუნება-განწყობილების ამაღლებას. ასევე, პრობლემის გადაჭრის უნარების გაუმჯობესებას.

ასე რომ, დასვენების დროც აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების სიაში შეიყვანეთ. დაუკვირდით და მიხვდებით, რომ საბოლოო ჯამში, მეტ დროს მოიგებთ, რადგან უფრო პროდუქტიული ენერგიული გახდებით.

მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობებს

ადამიანი სოციალური არსებაა და მისთვის აუცილებელია სხვებთან ურთიერთობა. მართალია, ზოგს ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია ურჩევნია, ზოგს კი ხშირი კონტაქტი არ ხიბლავს, მაგრამ ჯანსაღი ურთიერთობები არის ის, რაც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში გვეხმარება.

ჯანსაღი ურთიერთობები მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობისთვის. კვლევების მიხედვით, ის ბედნიერების ზოგად დონის ამაღლებას უწყობს ხელს და ამცირებს ისეთი ნეგატიური მდგომარეობების წარმოქმნის რისკს, რამაც შეიძლება სუიციდამდეც კი მიგვიყვანოს.

არსებობს ტოქსიკური ურთიერთობებიც, რომლებიც შხამივით ვნებს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ასეთია ურთიერთობები, სადაც ხშირია კონფლიქტი და სტრესი. მათთვის თავის არიდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

მოაწესრიგეთ ძილი

ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის აუცილებელი კომპონენტია, რომელსაც ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ.

ძილის დროს, ორგანიზმი აღდგენას იწყებს და ენერგიის მოკრეფაში გვეხმარება. მოწესრიგებული ძილის რეჟიმი ჭარბი წონის შეძენისა და  გულის დაავადებების წარმოქმნის პრევენციას ახდენს, ასევე, ზოგადად, ავადობის სიხშირეს ამცირებს.

მეტი იმოძრავეთ

ფიზიკური დატვირთვა გვეხმარება დეპრესიასთან და შფოთვასთან გამკლავებაში; ხელს უწყობს მეხსიერებისა და ძილის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ზოგადი განწყობის ამაღლებასთან.

კვლევების თანახმად, დღეში 30 წუთი ვარჯიშიც კი საკმარისია ამ ეფექტის მისაღწევად.

იყავით მიმტევებელი

სხვა ადამიანის პატიება ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება და მეტ ადგილს გვიტოვებს პოზიტიური ემოციებისთვის.

პატიება არ ნიშნავს, რომ ადამიანს საშუალებას ვაძლევთ ისევ ზიანი მოგვაყენოს. თუ ფიქრობთ, რომ ასე მაინც ვერ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, გაიხსენეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი პირადი საზღვრები.

იყავით მიმტევებელი არა მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ თავს არა საკმარისად თანავუგრძნობთ და არ ვპატიობთ შეცდომებს. ასეთი შემთხვევები კი, შემდეგ გადაწონის ხოლმე  იმ წარმატებულ მომენტებს, რომლებიც მრავლადაა და უბრალოდ, არასაკმარისად ვაფასებთ.

ცხოვრების ხარისხის გაზრდა იმაზე მარტივი და რეალურია, ვიდრე გვგონია. უბრალოდ, ზოგჯერ უფრო მეტს და რთულს ვეძებთ. თითქოს გვავიწყდება, რომ დიდი ბედნიერება პატარა, ფუნდამენტური ჩვევებით იწყება.

 

ავტორი: ნინი დარსაძე