Night mode

5 აპლიკაცია მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

5 აპლიკაცია მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
ფონტის ზომა

თანამედროვე მსოფლიოში სტრესის დონე საგრძნობლად არის გაზრდილი. მილიონობით ადამიანს აწუხებს შფოთვა, დაძაბულობა თუ უარყოფითი ფიქრები. პანდემია, იზოლაცია, კომუნიკაციისა და მოძრაობის ნაკლებობა კიდევ უფრო ართულებს მენტალურ ჯანმრთელობას და, ამასთანავე, ზღუდავს წვდომას მხარდამჭერ მექნიზმებზე (საქმიანობა, რომელიც გვახალისებს, მხარდამჭერ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია, ფსიქოთერაპევტი და სხვა).

ასეთ სიტუაციაში მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შექმნილი აპლიკაციები კარგი გამოსავალია. ისინი ადვილად ხელმისაწვდომია, დაბალბიუჯეტური და მათი გამოყენება ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგიძლიათ. სტატიაში ხუთ ასეთ აპლიკაციას გაგაცნობთ, რომლებიც დაგეხმარებიან შფოთვის, დაძაბულობის, განწყობის ცვალებადობისა და სხვა უარყოფითი შეგრძნებების შემცირებაში.

Daylio Journal

Daylio ჟურნალის ტიპის აპლიკაციაა განწყობაზე დასაკვირვებლად და საკუთარ თავზე ზრუნვისათვის. შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი განწყობა და დაამატოთ ის საქმიანობები, რომელთაც მთელი დღის განმავლობაში აკეთებდით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ ჩანაწერებიც. აპლიკაცია აგროვებს თქვენს ყოველდღიურ მონაცემებს და საშუალებას გაძლევთ გაიგოთ თქვენი პატერნები განმეორებადი ქცევები. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი განწყობის ცვალებდადობის მიზეზი.

Daily Journal-ში შეგიძლით შექმნათ ყოველდღიური, ყოვლკვირეული ან ყოველთვიური მიზნები, შექმნათ ჩვევები და ნახოთ თქვენი მიღწევები. დააყენოთ შეტყობინებები, რათა არ გამოგრჩეთ ესა თუ ის დაგეგმილი ქმედება, მაგალითად, მედიტაცია, წიგნის წაკითხვა ან ვარჯიში.

თვიური ღირებულება: უფასო (საბაზისო ანგარიში)

თვიური ღირებულება: 2.99$ (პრემიუმ ანგარიში)

წლიური ღირებულება: 23.99$ (პრემიუმ ანგარიში)

Woebot

Woebot საკუთარ თავზე ზრუნვისთვის განკუთვნილი ჩატბოტია, ერთგვარი ემოციური ასისტენტი, რომელთანაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისაუბროთ. ის ფსიქოლოგებისა და ექსპერტი კლინიკოსების მიერაა შექმნილი და მომხმარებელთან საუბრისას კოგნიტურ ქცევით თერაპიას (CBT) იყენებს. აპლიკაცია დაგეხმარებათ ისაუბროთ სხვადასხვა სიტუაციებზე და თქვენს დამოკიდებულებაზე მათ მიმართ. უკეთ გაიცნოთ თქვენი თავი და განწყობის ცვალებადობა, ისწავლოთ როგორ მართოთ სტრესი და იცხოვროთ უფრო ბედნიერად.

Woebot ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელს ესაუბრება და ეხმარება ყოველდღიური სტრესის შემცირებაში, დეპრესიის სიმპტომების შემჩნევასა და მათთან გამკლავებაში, პროკრასტინაციის, შფოთვის, მარტოობის შეგრძნების, გლოვის, დამოკიდებულებების და სხვა გამოწვევების მართვაში.

თვიური ღირებულება: უფასო

Personal Zen

Personal Zen შფოთვის და სტრესის შემცირებისთვის და სიმშვიდისთვის შექმნილი აპლიკაციაა. მასში მოცემულია კლინიკურ და ნეირომეცნიერულ კველევებზე დაფუძნებული ტვინის სავარჯიშოები, რომლებიც ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და სიმშვიდის შეგძნებას.

აპლიკაციის სავარჯიშოები სავსეა დამამშვიდებელი სცენებით, რომელიც ნელნელა გაწვრთნის თქვენს ტვინს და ასწავლის, რომ არ ფოკუსირდეს ნეგატიურ სტიმულებზე, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს სიტუაციის პოზიტიურ ასპექტებზე.

თვიური ღირებულება: უფასო

Happify

Happify არაჩვეულებრივია მათთვის, ვინც ხშირად ღელავს, აქვს სტრესის მაღალი დონე და უარყოფითი ფიქრები. აპლიკაცია მომხმარებელს ეხმარება გათავისუფლდეს ნეგატიური აზრებისაგან, უკეთ მართოს სტრესი, გაზარდოს თვითდაჯერებულობა, გააძლიეროს კარიერული წარმატება და სხვა. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ 1 ან რამდენიმე მიზანი ათეულობით სხვადასხვა მიზნებიდან და თვალი მიადევნოთ თქვენს პროგრესს.

Happify იყენებს თამაშებს და სხვადასხვა აქტივობას იმისთვის, რომ გააუმჯობესოს თქვენი განწყობა და დაგეხმაროთ ურყოფითი ემოციების მართვაში, მათი დაგროვების და საკუთარ თავში შენახვის ნაცვლად, აპლიკაცია შექმნილია თერაპევტებისა და ქოუჩების მიერ. თამაშები და აქტივობები მომხმარებელს უბიძგებს თავი იგრძნოს არსებულ მომენტში და უკეთ გაიგოს საკუთარი ემოციები და განწყობა.

თვიური ღირებულება: 14.99$

წლიური ღირებულება: 139.99$

სამუდამო ანგარიშის ღირებულება: 449.99$

My Possible Self

My Possible Self განსაკუთრებით სასარგებლო აპლიკაციაა მათთვის, ვისაც აწუხებს განწყობის ხშირი ცვალებადობა, ნეგატიური განწყობა და შფოთვითი აშლილობა. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი სასწავლო მოდული შიშების, შფოთვის, სტრესის სამართავად,  ბედნიერებისა და კეთილდღეობის შესაქმნელად და სხვა.

აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ჩაიწეროთ თქვენი ყოველდღიური გამოცდილება, თვალი ადევნოთ თქვენს ქცევას, ამოიცნოთ გამნმეორებითი ჩვევები და სიმპტომები და აღმოაჩინოთ პრაქტიკული ნაბიჯები მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

თვიური ღირებულება: 5.99$ (პრემიუმ ანგარიში)

წლიური ღირებულება: 59.99$ (პრემიუმ ანგარიში)

მოცემული აპლიკაციები დაგეხმარებათ თქვენი განწყობისა და სიმპტომების უკეთ გაცნობაში, შფოთვის, დეპრესიისა და უარყოფითი ფიქრების შემცირებაში.

გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოყენება ვერ ჩაანაცვლებს ფსიქოთერაპევტს. მწვავე სიმპტომების შემთხვევაში, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს. ეს აპლიკაციები კი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი.

 

ავტორი : მარიამ რუსიშვილი