Night mode

4 უშაქრო გამაგრილებელი სასმელი სახლში დასამზადებლად

4 უშაქრო გამაგრილებელი სასმელი სახლში დასამზადებლად
ფონტის ზომა

ტემპერატურის მატებასთან ერთად, სითხის მიღებაზე მოთხოვნილება იზრდება. ასეთ დროს გაზიანი სასმელის თუ ცივი წვენების მირთმევის სურვილი ნამდვილად დიდია. იმის მიუხედვად, რომ პერიოდულად ნებისმიერი სასმელის მირთმევა სრულიად ნორმალური და დასაშვებია, დიდი ოდენობით გაზიანი და მაღალი შაქრის შემცველი სასმელის მიღება არ არის ჯანრმთელობისთვის სახარბიელო…

საბედნიეროდ, მათი ჩანაცვლება მარტივად შეიძლება სახლში დამზადებული ჯანსაღი, გამაგრილებელი სასმელებით, რომლებიც არ შეიცავს რაფინირებულ  შაქარს და სხვა დანამატებს. ამ სტატიაში სწორედ ოთხი ასეთი სასმელის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ატმის ლიმონათი

ატმის ლიმონათი მშვენიერი არჩევანია მათთვის, ვინც უპირატესობას ხილის დაფასოებულ წვენებს ანიჭებს. თუმცა, ასეთი პროდუქტებისგან განსხვავებით, ლიმონათის ეს რეცეპტი მხოლოდ ჯანსაღ ინგრედიენტებს შეიცავს.

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი დაჭრილი ატამი
  • 80 გრამი თაფლი
  • 4-5 ლიმონი
  • 700 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ატამი და წყალი მოათავსეთ ქვაბში, მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. ადუღების შემდეგ დატოვეთ დაბალ ცეცხლზე ატმის დარბილებამდე.
  3. მიღებული მასა ათქვიფეთ ბლენდერში თაფლთან ერთად.
  4. გააციეთ და მიირთვით ყინულთან და ლიმონის ნაჭრებთან ერთად.

ტროპიკული პუნში

თუ ტროპიკული გემოები მოგწონთ, ეს პუნში აუცილებლად შეგიყვარდებათ. ის განსაკუთრებით უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს.

ინგრედიენტები

  • 150 გრამი დაჭრილი ანანასი
  • 4 ჭიქა ქოქოსის წყალი
  • 1 ცალი ლაიმის ან ლიმონის ნაჭრები
  • შეგიძლიათ დაამატოთ სხვა სეზონური ხილი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  • მოათავსეთ ინგრედიენტები ჭურჭელში და კარგად აურიეთ ისე, რომ გემო და არომატი ერთმანეთს შეერიოს.
  • კარგად გააცივეთ და მიირთვით.

ფორთოხლის გაზიანი სასმელი

თუ გაზიანი სასმელები გიყვართ, ფორთოხლის გაზიანი ლიმონათი თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. მისი დამზადება სულ რაღაც ორი ინგრედიენტით შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 375 მლ გაზიანი წყალი
  • 125 მლ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი

მომზადების წესი:

  • შეურიეთ ფორთოხლის წვენი და წყალი ერთმანეთს. იმის მიხედვით, თუ რამდენად მსუბუქი ან მოტკბო სასმელის მიღება გსურთ, შეგიძლიათ შეცვალოთ წყლისა და წვენის პროპორცია თქვენი გემოვნების მიხედვით.
  • შეგიძლიათ დააბლენდეროთ ყინულის კუბიკებთან ერთად.

არომატიზებული წყალი

გაზაფხულისა და ზაფხულის ცხელ დღეებში არომატიზებულ წყალს ყველგან შეხვდებით. მათი დიდი ნაწილი შეიცავს შაქარს ან ხელოვნურ დამატკბობლებს. ეს კი ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის. არომატიზებული წყლის ყიდვის ნაცვლად შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ის სახლში, თქვენი საყვარელი ხილის კომბინაციით.

შეგიძლიათ მოამზადოთ:

  • ლიმონი, პიტნა და ჯინჯერი
  • რამდენიმე სახეობის კენკრა და პიტნა
  • სხვადასხვა ციტრუსის კომბინაცია
  • საზამთრო და როზმარინი
  • ანანასი და პიტნა

ან თქვენი საყვარელი ხილის ნებისმიერი სხვა კომბინაცია. უბრალოდ ჩაყარეთ დაჭრილი ხილი გრაფინში, დაასხით წყალი, აურიეთ და დაელოდეთ გაციებას. მირთმევისას დაამატეთ ყინულის კუბები.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი